ევროპულმა კომისიამ ავტომწარმოებლებისთვის ნახშირორჟანგის ემისიებზე რეგულაცია შეარბილა.
განახლებული სამიზნე მაჩვენებლების ფარგლებში, კომპანიებს საჭირო ეკომეგობრული პოლიტიკის დასანერგად, 1-ის ნაცვლად, 3 წელი მიეცათ. ანუ შეთავაზებული ცვლილებებით, ევროკავშირი ავტომწარმოებლებისთვის CO2 ემისიების რეგულირებისთვის წესებს 2025-2027 წლებზე გაავრცელებს, ნაცვლად მიმდინარე წლისა.
რეგულაციების შერბილების ინიციატივა თავად ევროპელ ავტომწარმოებლებს ეკუთვნით. სწორედ მათ მიმართეს ევროკომისიას შესაბამისი თხოვნით და განმარტეს, რომ ემისიების სამიზნე ნიშნულამდე დაყვანა კომპანიების მიერ ელექტრომობილების გაყიდვების ზრდაზეა დამოკიდებული. მათივე მტკიცებით, ამ სეგმენტს ჩინური და ამერიკული ავტომწარმოებლებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირთ.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ავტოინდუსტრიას, როგორც ევროპის ერთ-ერთი წამყვან სექტორს, ლავირებისა და მოქნილობის მეტ შესაძლებლობას აძლევს, თუმცა, პარალელურად ევროკავშირიც არ გადაუხვევს თავის კლიმატური ამბიციურ მიზნებს.
თავდაპირველი სამიზნე ნიშნულის გადაჭარბების შემთხვევაში, კომპანიებს 15 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ეკისრებოდათ და ფონ დერ ლაიენი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაჰპირდა ავტომწარმოებლებს, რომ მისცემდა “ამოსუნთქვის საშუალებას”.
თუ რეგულაციის შერბილებაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტიც დაეთანხმება, ამ მიზნის შესასრულებლად კომპანიების ვადა 2027 წლამდე გახანგრძლივდება.
Volkswagen და Renault ევროკომისიის მიერ გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივებას ეთანხმებიან, თუმცა, ყველას ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს. სექტორში არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ რეგულაციები გეგმის მიხედვით, გამონაკლისების გარეშე, უნდა ამოქმედდეს. ასეთია Volvo-ც, რომლის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ავტომწარმოებლები, რომლებმაც რეგულაციისთვის მოსამზადებლად ინვესტიცია უკვე გაიღეს, არათანაბარ პირობებში ექცევიან.
შეგახსენებთ, ნახშირორჟანგის ლიმიტის გამკაცრებული რეგულაციები მიმდინარე წლიდან ამოქმედდა. ევროკავშირი ავტომწარმოებლებისგან მოითხოვს, რომ ყოველი 5 გაყიდული ავტომობილიდან ერთი ელექტროძრავიანი იყოს.
ევროპელი ავტომწარმოებლები უკვე დგანან შემცირებული მოთხოვნის გამოწვევის წინაშე, პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებიც.
ცნობისთვის, ევროკავშირის კლიმატის გრძელვადიანი გეგმა ითვალისწინებს, რომ 2035 წლიდან ავტომწარმოებლების მიერ გაყიდული თითოეული ავტომობილი ნულოვან ემისიას გამოყოფდეს, რაც შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვების ეპოქას საბოლოოდ დაასრულებს.