ევროკომისია უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელ განცხადებებს მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლოფ გილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა ემუქრებოდეს.

„პრეზიდენტ ზელენსკის კომენტარებთან დაკავშირებით ჩვენ, როგორც ევროკომისია, ნათლად ვაცხადებთ, რომ ასეთი ლექსიკა მიუღებელია. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ არანაირი მუქარა არ უნდა იყოს“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ამასთან, ოლოფ გილი აღნიშნავს, რომ ასეთი რიტორიკა არცერთი მხრიდან არაა სასარგებლო და არც საერთო მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.

„ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს ყველა მხარესთან. ჩვენი მიზანია, ვაიძულოთ ყველა, რომ დამშვიდდნენ, რიტორიკა შევამსუბუქოთ და ჩემ მიერ ნახსენები მიზნები განვახორციელოთ. კერძოდ, მივიღოთ ყველა შესაძლო ზომა რუსეთზე ზეწოლის მიზნით, რათა დაასრულოს დამპყრობლური ომი, გამოვყოთ სესხი უკრაინისთვის და უზრუნველვყოთ ჩვენი წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკული უსაფრთხოება“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

როგორც ოლოფ გილმა აღნიშნა, ევროკომისია ამ მიზნების მისაღწევად ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, კიევი მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აცნობებს. უკრაინული მედიის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე, ვიქტორ ორბანზე მიანიშნა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უკრაინასა და უნგრეთს დიალოგის გზით გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ესტონეთი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გამწვავებას შეშფოთებით აკვირდება.

„უკრაინასა და უნგრეთს შორის მზარდ დაძაბულობას შეშფოთებით ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, ფაქტები გაირკვევა და სიტუაცია დიალოგის გზით მოგვარდება“, – წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა. უნგრული მედიის ცნობით კი, უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები შეამოწმა, შავებში ჩაცმული ადამიანები მანქანებიდან გადმოიყვანეს და მიწაზე დააწვინეს. ამის შემდეგ უნგრეთის კონტრტერორისტული ცენტრის კოლონა ბუდაპეშტისკენ გაემართა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერის ოფისში განაცხადეს, რომ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულ უკრაინის შვიდივე მოქალაქეს უნგრეთიდან გააძევებენ.

1tv.ge