გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დადებითად შეაფასა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება.
„ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებისას მიღწეულმა შეთანხმებამ წარმატებით აიცილა თავიდან სავაჭრო კონფლიქტი, რომელიც მძიმედ დაარტყამდა გერმანიის ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას. ევროკავშირის ერთიანობამ და მომლაპარაკებლების შრომამ შედეგი გამოიღო. ჩვენ შევძელით ჩვენი ძირითადი ინტერესების დაცვა. სტაბილური და პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობები ბაზარზე წვდომით სარგებელს მოუტანს ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მყოფ ყველა ადამიანს, როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს“, – წერს მერცი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.