დრაკის საერთაშორისო ფედერაციის(FIDE) პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა რუსეთის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა არკადი დვორკოვიჩმა. მიზეზი მის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებია. ევროკავშირმა სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი 23 ივლისს დაამტკიცა.

  • არკადი დვორკოვიჩი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო რუსეთის ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის თანაშემწე, FIDE-ს პრეზიდენტი 2018 წელს გახდა.
  • 2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა დვორკოვიჩს რუსეთის კიდევ ათეულობით მოქალაქესთან ერთად სანქციები დაუწესა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის მხარდაჭერის გამო.

FIDE-ს ოფიციალურ საიტზე 23 ივლისს ღამით გამოქვეყნდა არკადი დვორკოვიჩის განცხადება, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკანონოდ და უსამართლოდ” მიიჩნევს და დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს. დვორკოვიჩის თანახმად, სანამ სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება იქნება, სანქციებმა შესაძლოა, ხელი შეუშალოს FIDE-ს სტაბილურად მუშაობას, ამიტომ პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა.

დვორკოვიჩის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცა FIDE-ს საბჭომ. პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ინდოელი დიდოსტატი, წარსულში მსოფლიო ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შეეხო 200-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის ბანკებს, კრიპტოვალუტის კომპანიებს, ნავთობით ვაჭრობის პლატფორმებსა და ა.შ.

რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებს შორის არკადი დვორკოვიჩთან ერთად არიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი, სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარევი, რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი ოლეგ ბელოზეროვი, ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ბელოვი, „გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი ალექსანდრ ჟაროვი და სხვები.

სანქციები ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე ამ პირთა ჩასვლის აკრძალვას და მათი აქტივების გაყინვას.