Telegram-ის დამფუძნებელი და მილიარდერი პაველ დუროვი საქართველოში ვიზიტის შესახებ საკუთარ პლატფორმაზე წერს და გამომწერებს შთაბეჭდილებებს უზიარებს.
„საქართველოთი ძალიან მოხიბლული ვარ. ეს ქვეყანა ცნობილია თავისი თბილი ხალხით, უძველესი კულტურით, ადგილობრივი სამზარეულოთი და შთამბეჭდავი პეიზაჟებით. თუმცა ყველაფერი აქ არ მთავრდება“, – წერს დუროვი.
მისი შეფასებით, მთავრობის ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო შესაძლოა მსხვილ ბიზნესჰაბად იქცეს.
„ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და კვლავ იზრდება წელიწადში 8%-ით. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები იხდიან 0%-იან მოგების გადასახადს და მხოლოდ 5%-ს დივიდენდებსა და საშემოსავლო გადასახადზე“, – აღნიშნავს Telegram-ის დამფუძნებელი.
დუროვის განცხადებით, საქართველო, როგორც ტურისტული და ბიზნესის წარმოების ადგილი, „ნამდვილად სათანადოდ დაუფასებელია“.
„ძალიან მალე დავბრუნდები!“ – წერს მილიარდერი Telegram-ზე.
პაველ დუროვი საქართველოში დაახლოებით ერთი თვის წინ იმყოფებოდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ის თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდა.
ამასთან, Telegram-ის დამფუძნებელი საფრანგეთში სამართლებრივი პროცესის ფარგლებში იმყოფება. ის 2024 წლის აგვისტოში პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს და მას 12 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის კიბერდანაშაულში დახმარებისა და ფულის გათეთრების შესაძლო ხელშეწყობის შესახებ. სასამართლომ დუროვი 5 მილიონი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა გამოძიება საფრანგეთში კვლავ გრძელდება.
დუროვი ამჟამად დუბაიში ცხოვრობს. მისი ქონება დაახლოებით 14 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მანამდე მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მემკვიდრეები შესაძლოა გახდნენ 100-ზე მეტი შვილი, რომლებიც მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში მისი სპერმის დონაციის შედეგად დაიბადნენ. ოფიციალურად დუროვს ექვსი შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალისგან.