ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგია, – ამის შესახებ ნათქვამია ვრცელ სტატიაში, რომელსაც „პოლიტიკო“ აქვეყნებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„ისინი შიშობენ, რომ რუსული აქტივების კონფისკაციით ევროკავშირი დააფრთხობს საერთაშორისო ინვესტორებს და დათმობს თავის უდიდეს უპირატესობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, – წერს „პოლიტიკო“.
ამასთან, „პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დასავლელ მოკავშირეებს კანონიერად შეუძლიათ აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენება, მაგრამ თავად რეზერვების დასაკუთრება უკანონო იქნებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ აქტივების გაყინვა მნიშვნელოვანი გავლენის ბერკეტს იძლევა.
„ეს აქტივები თუ უკრაინას გადაეცემა, ის აღარ გექნებათ და ვეღარ გამოიყენებთ, როგორც სავაჭრო მონეტას“, – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.
სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ასევე განაცხადა, რომ რუსული აქტივების კონფისკაციის შანსები უახლოეს მომავალში მცირეა.
„ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა. ეს ამ დრომდე არ გვაქვს“, – განაცხადა კალასმა.
ცნობისთვის, 18 თებერვალს ერ-რიადში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიანიშნა, რომ ევროკავშირის ჩართვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში „გარკვეულ მომენტში“ საჭირო გახდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, ევროპული ქვეყნები აღიარებენ, რომ გაყინული რუსული აქტივები მათ კრემლზე დამატებით გავლენის ბერკეტს ანიჭებს.
„რუსეთს თუ ნამდვილად სურს ფულის უკან დაბრუნება, მაშინ მათ უნდა გასცენ რაიმე სანაცვლოდ“, – განაცხადა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ევროკავშირის დიპლომატმა.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას მხარს ევროკავშირის ის სახელმწიფოები ლობირებენ, რომელთაც მოსკოვის მიმართ კრიტიკული და მკაცრი პოზიცია აქვთ. მათი მოსაზრებით, ამ აქტივების კიევისთვის გადაცემა საშუალებას მისცემდა უკრაინას, მოეპოვებინა უპირატესობა ბრძოლის ველზე და წინააღმდეგობა გაეწია ომის დასრულების შესახებ ტრამპის მოთხოვნებისთვის.
„რუსეთის გაყინული აქტივებით ჩვენ შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ აშშ-ის მხარდაჭერა, თუ აშშ კვლავ გადაწყვეტს, აღარ დაეხმაროს უკრაინას“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
„ჩვენ გვაქვს 300 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული გაყინული აქტივები ევროპაში და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი“, – უთხრა ცაჰკნამ ჟურნალისტებს ბრიუსელში, დანიელ, შვედ, ლიეტუველ და ლატვიელ კოლეგებთან ერთად.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, ანალოგიური პოზიცია აქვთ ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოებს და სკანდინავიის ქვეყნებსაც. მათი აზრით, ფული დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს უკრაინას. ამ პოზიციას მხარს უჭერენ პოლონეთი, ჩეხეთი და ევროკავშირის მთავარი დიპლომატი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.
ამასთან, „პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების მიუხედავად, ესტონეთის მთავრობამ აღიარა რუსული აქტივების, როგორც გავლენის ბერკეტის შენარჩუნების უპირატესობა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც „პოლიტიკოს“ გადასცეს, ესტონეთი აცხადებს, რომ „აქტივების შემდგომი შეკავება მოქმედებს, როგორც ფინანსური და დიპლომატიური ბერკეტი და უზრუნველყოფს, რომ რუსეთს აქვს ნათელი, ხელშესახები სტიმული მოლაპარაკებისთვის და უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდისთვის“.
ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირის 27-მა ლიდერმა კანონშიც ჩაწერა, რომ აქტივები გაყინული დარჩება, ვიდრე რუსეთი არ დათანხმდება უკრაინისთვის ომის შემდგომი რეპარაციების გადახდას.