მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები რუსული გაზის შესყიდვის განახლების შესაძლებლობაზე მსჯელობენ, ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრი, ჟიგიმანტას ვაიჩიუნასი მიიჩნევს, რომ ასეთი ვარიანტი ახლა საერთოდ არ უნდა იხილებოდეს.
„რუსული გაზის არშეძენის და ზოგადად, რუსული გაზის მოხმარების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებები არის საკითხი, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნები და ლიეტუვა უკვე შეთანხმებულები არიან. ამიტომ, ამ ეტაპზე სხვა სცენარებზე არ უნდა ვისაუბროთ. ვფიქრობ, ლიეტუვა საკმაოდ თავშეკავებული იქნება მსგავს სიახლეებთან და შეთანხმებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ვაიჩიუნასმა.
თუმცა, ის აღიარებს, რომ მოლაპარაკებების შემდგომ ეტაპებზე „არაფერია გამორიცხული“.
„ლიეტუვამ დაამტკიცა, რომ რუსული გაზის მოხმარებაზე უარის თქმა შეუძლია და ევროკავშირში პირველმა შევწყვიტა მისი შესყიდვა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ პოზიციაზე დარჩენა. უფრო მეტიც - გაგვაჩნია ალტერნატივები ენერგეტიკის სექტორში და ისინი სულ უფრო იაფი ხდება“, - აღნიშნა ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრმა.
ვაიჩიუნასმა ასევე განაცხადა, რომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე მან რუსული თხევადი გაზის მოხმარების შემცირების საკითხი დააყენა და მოელის, რომ ევროკომისია მალე წარადგენს გეგმას ამასთან დაკავშირებით.
ხუთშაბათს, 30 იანვარს, „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელი რუსული გაზის შესყიდვის განახლების შესაძლებლობას განიხილავს. ამ იდეის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს შეამცირებს ენერგომატარებლების მაღალ ფასებს ევროპაში, წაახალისებს მოსკოვს, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტის სტიმულს მისცემს.
წყარო: "საზმაუ"