„ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა დაიწყეს მსჯელობა ევროპის თავდაცვის მექანიზმის (MED) შექმნის შესახებ, რომელიც შეიძენს იარაღს და მიაწვდის მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ფინანსური წვლილის შეტანის სანაცვლოდ - წერს Le Monde“, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი წერს.
ანალიტიკოსის ინფორმაციით, ეს წინადადება წარადგინა ბრიუსელის ეკონომიკურმა ანალიტიკურმა ცენტრმა Bruegel-მა.
„იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპის ქვეყნებს მიეცეთ შესაძლებლობა დააფინანსონ გადაიარაღება, მით უმეტეს, ევროპის მიმართ აშშ-ს პრეზიდენტის ამჟამინდელი პოლიტიკის ფონზე.
Le Monde აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გამოთქვა ინტერესი შეიქმნას ევროპის სტაბილურობის მექანიზმის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც მოქმედებდა ევროზონის კრიზისის დროს.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა 800 მილიარდიანი გადაიარაღების ოთხწლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საბიუჯეტო წესების შემსუბუქრბას და საბიუჯეტო დეფიციტის არსებობის დაშვებას სამხედრო ხარჯების დაფინანსების მიზნით, მათ შორის 150 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივი სესხის აღების გზით.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაჩნდა იდეა, რომ შეიქმნას მთავრობათაშორისი ფონდი გარკვეული ტიპის იარაღების შესაძენად, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა რაკეტები ან სამხედრო თანამგზავრული სისტემები, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს კავშირის ყველა სახელმწიფოსთვის.
ამ თავდაცვით მექანიზმს ექნება საკუთარი კაპიტალი, რაც საშუალებას მისცემს მას აიღოს სესხი საერთაშორისო ბაზრებზე. ეს სისტემა ასევე ღია იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა გრძნობენ საფრთხეს რუსეთიდან. საუბარია უკრაინაზე, ნორვეგიაზე და დიდ ბრიტანეთზე.
Bruegel-ის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირს შეუძლია შეამციროს თავისი სამხედრო დამოკიდებულება აშშ-ზე 2030 წლისთვის. ეს მოხდება, იმ შემთხვევაში თუ განხორციელდება ერთობლივი შესყიდვები და შეიქმნება ევროპის თავდაცვის ბაზარი, რომელშიც გაერთიანებულ სამეფოს ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული როლი ექნება“, - აღნიშნავს სურამელაშვილი.