„დედაქალაქის შემოსასვლელებში უნდა აშენდეს საპარკინგე სივრცეები,” - ამის შესახებ საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი იზორიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან თბილისში ავტომობილების ჭარბ რაოდენობას გასაჩერებელი ადგილების რაოდენობა ვერ პასუხობს, აუცილებელია, ცენტრალურ ქუჩებზე მანქანების ნაკადები შემცირდეს.

ამისთვის კი, ირაკლი იზორიას სისტემის „დააპარკინგე და გადაადგილდი” მაგალითი მოჰყავს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში შემომსვლელი ავტომობილები ქალაქის შემოსასვლელებში მოწყობილ სადომებზე გაჩერდება, პარკირების საფასურით კი მძღოლი თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებს.

„პარკირება პრობლემური საკითხია ყველა დიდ ქალაქში, რადგან ურბანული განვითარების პარალელურად იზრდება ავტომობილების რაოდენობა და თუ თბილისის ქუჩებზე ვისაუბრებთ, ძალიან რთულია ცენტრალურ ქუჩებზე პარკირების ადგილები მოვძებნოთ... მთლიანად ათვისებულია ეს სივრცეები.

ევროპული მიდგომებით, იმდენად ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემები უნდა შეიქმნას, რომ პარკინგზე ნაკლები დამოკიდებულება იყოს.

თბილისში ზონალურ საათობრივი პარკირების წამოწყება კარგია, თუმცა მას გაგრძელება უნდა ჰქონოდა. მაგალითად, უცხოეთში, თბილისის მაგვარ ბევრ ქალაქში მოქმედებს სისტემა - „დააპარკინგე და გადაადგილდი”, რომელიც უზრუნველყოფს იმას რომ უნდა აშენდეს მიწისზედა და მიწისქვეშა საპარკიგნე სივრცეები დედაქალაქის შემოსასვლელებში, შესაბამისად, ადამიანი, რომელიც 1 ან 2 დღით შემოდის თბილისში და მას ფაქტობრივად არ სჭირდება ავტომობილით გადაადგილება, სარგებლობს ამ სივრცით. დედაქალაქის შემოსასვლელში მოწყობილ საპარკინზე სივრცეზე ავტომობილის გაჩერების შემდეგ კი, შესაბამისი ერთიანი ბარათით პარკინგის საფასურად მოახდენდა გადაადგილებას თბილისის ნებისმიერ წერტილში. ეს ხელს შეუწყობდა ნაკადების შემოდინების შემცირებას. ასევე უფრო ნაკლები ავტომობილი ივლიდა ცენტრალურ ქუჩებში. თუმცა, ამის გაკეთება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა, რაც ზონალურ-საათობრივი საპარკინგე სისტემის ნაკლოვანებაა”, - ამბობს ირაკლი იზორია.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი ნახევრის მდგომარეობით, თბილისში ავტომობილების რაოდენობამ 810 268-ს მიაღწია.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი