კომპანია "ვიჯეთის" გენერალური დირექტორის, ლაშა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, ჩინეთს საქართველოში ინვესტიციის ჩადება არა მარტო, ბიზნესის მიმართულებით, არამედ ტურიზმის კუთხითაც სურს.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ლაშა ფეიქრიშვილი აღნიშნავს, ჩინეთისთვის საქართველო მარტივი გზაა, რომ ევროპისკენ "გაიჭრას".
"არამარტო ჩვენი, არამედ მათი ინტერესიც ძალიან მაღალია - საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვთ. უკვე რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, იქაური (ჩინური) ქარხნების წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ, ადგილობრივი გარემო ვაჩვენეთ, ინვესტიციის სურვილი აქვთ.
ჩინეთისთვის ინვესტიციის ერთ-ერთი მიმართულება ტურიზმი გახლავთ, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ, როგორც ბიზნესის კუთხით, ასევე ტურისტულად. ზოგადად, ჩინეთში ბოლო 3-4 წელია საერთაშორისო ბიზნესს უფრო აქტიურად უყურებენ. საქართველო მეტ ინტერესს იმით იპყრობს, რომ მათთვის ჩვენი ქვეყანაა მარტივი გზაა, რომ ევროპისკენ გაიჭრან. სურთ აქ დააფუძნონ ის ჰაბი, საიდანაც თავიანთი პროდუქციის ექსპორტი მოხდება", - აცხადებს ლაშა ფეიქრიშვილი.
ამასთან, კომპანია "ვიჯეთის" გენერალური დირექტორი მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო კომპანია Alibaba-ს შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება, საქართველოში Alibaba-მ ტერმინალი გააკეთოს.
"საერთაშორისო პლატფორმა TEMU საქართველოში შემოვიდა და ჩვენი ქვეყანა ჰაბად იქცა. კერძოდ, ტერმინალები აქ შენდება და ჩვენგან პროდუქციის გარეთ გატანა იგეგმება. შესაბამისად, თავისუფლად შეიძლება, ტერმინალი Alibaba-მაც გააკეთოს, ამ ყველაფერზე აქტიურად ვმუშაობთ, ინტერესი მათი მხრიდან ძალიან მაღალია - მგონია, რომ ყველაფერი გამოვა. ამასთან, Alibaba ქართული ნაწარმის გამოფენას არ ზღუდავს, შესაბამისად, საქართველოში თუ მათი პლატფორმა მოექცა, ქართველებს თავიანთი პროდუქციის ექსპორტზე გატანა ბევრად მეტად შეეძლებათ - პროდუქციას ბევრად მაღალ ღირებულებაში გაყიდიან", - აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის, კომპანია Alibaba Group Holding Limited (ალიბაბა ჯგუფი) — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი ტექნოლოგიური და სავაჭრო კომპანიაა, რომელიც ჩინეთში 1999 წელს დაარსდა.
შეგახსენებთ, რომ "ვიჯეთი" გადამზიდი კომპანიაა, რომლის მიზანი სატრანსპორტო ბაზარზე მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდებაა.