ევროკავშირის აეროპორტებში შესაძლოა უახლოეს მომავალში ხელბარგში სითხეების გადატანის შეზღუდვები მოიხსნას. ეს ცვლილება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით გახდება შესაძლებელი, წერს Euronews. ახალი აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, დიდი ზომის კონტეინერების სკანირება მოხდეს.
ამჟამად მოქმედი წესის მიხედვით, ხელბარგში 100 მლ-ზე მეტი მოცულობის სითხეების გადატანა აკრძალულია (გარდა მედიკამენტებისა და ბავშვთა საკვებისა). თუმცა, ევროპის რიგ აეროპორტებში უკვე დამონტაჟებულია თანამედროვე სკანერები, რომელთა მუშაობამაც ევროკომისიის დადებითი შეფასება მიიღო.
ახლა ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის ოფიციალური გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი. მისი მიღების შემდეგ, შეზღუდვები შესაძლოა უახლოეს დღეებში მოიხსნას. აღსანიშნავია, რომ ყველა აეროპორტი არ არის მზად ახალ, ძვირადღირებულ აღჭურვილობაზე დაუყოვნებლივ გადასასვლელად, რის გამოც ცვლილებები თანდათანობით განხორციელდება.
ეს სიახლე მნიშვნელოვნად გაამარტივებს მგზავრობას ევროპაში მოგზაურთათვის.
ევროპის მასშტაბით, რამდენიმე აეროპორტმა უკვე დანერგა მოწინავე CT სკანერები (Computed Tomography), რაც ხელბარგში სითხეების გადატანის 100 მლ-იანი შეზღუდვის მოხსნის საშუალებას იძლევა. ეს ტექნოლოგია უსაფრთხოების შემოწმებას უფრო სწრაფს და ეფექტურს ხდის, რადგან ის 3D გამოსახულებებს ქმნის და ასაფეთქებელ ნივთიერებებს უფრო ზუსტად ამოიცნობს.