იტალია და ევროკავშირის კიდევ 8 ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გადახედვას ითხოვს

იტალიამ და ევროკავშირის კიდევ რვა სხვა სახელმწიფომ, მათ შორის დანიამ და პოლონეთმა, ხუთშაბათს ღია წერილი გამოაქვეყნეს. ევროპელი ლიდერები გამოდიან მოწოდებით, გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირების საკითხი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც მიგრაციას ეხება. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, მათ „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირებაზე ახალი და საღი გონებით საუბრის დაწყება სურთ“. „ჩვენ უნდა აღვადგინოთ სწორი ბალანსი“, - აცხადებენ წერილის ხელმომწერები. კონვენცია, რომელიც ძალაში 1953 წელს შევიდა, შეეხება: სიცოცხლის უფლებას; მონობის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; გამოხატვის თავისუფლებას; დისკრიმინაციის აკრძალვას და ოჯახური ცხოვრების უფლებას.

მისი დებულებები კონვენციის ხელმომწერმა 46-ვე ქვეყანამ უნდა დაიცვას, მათ შორის ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება კი ყველასთვის სავალდებულოა. მიგრაციის საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შეცვლამ ხელი შეუწყო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებში მემარჯვენე რადიკალური ძალების გამარჯვებას, რამაც ამ ქვეყნების მთავრობებზე ზეწოლა გაზარდა. წერილი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირების საკითხის გადახედვის მოთხოვნას შეიცავს, გამოქვეყნდა რომში მელონისა და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის შეხვედრის შემდეგ, რომლებსაც მიგრაციის საკითხზე მკაცრი პოზიცია უკავიათ. მათ მიმართვას ავსტრიის, ბელგიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ლიდერებიც შეუერთდნენ.

ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვის საქმეთა სააგენტო „ფრონტექსის“ მონაცემებით, 2023 წლის თითქმის 10-წლიანი პიკის შემდეგ, გასულ წელს ევროკავშირში საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მაჩვენებელი 38 პროცენტით შემცირდა და 239 000 შემთხვევამდე დავიდა. მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელმა, იტალიისა და დანიის „ქორების“ ლიდერობით, ოქტომბერში ახალი კანონმდებლობის სასწრაფოდ მიღება მოითხოვა, რათა მიგრანტების დეპორტაციის ტემპები დაჩქარდეს, ხოლო ევროკომისიამ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის „ინოვაციური“ მეთოდები შეიმუშავოს.

„ძალიან შორს“

წერილზე ხელმომწერი ცხრა ქვეყანა აცხადებს, რომ დროა, დაიწყოს „დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება საერთაშორისო კონვენციები იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ“. მათ ასევე მოუწოდეს „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, გააკეთოს განმარტებები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტირებზე“. ასეთი მოწოდების საფუძველი გახდა ის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში მიგრანტების მიმართ სავარაუდო უკანონო მოპყრობის საქმეების განხილვისას, ადგილობრივი მთავრობები კონვენციის დებულებების დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო დანიას მოუწოდა, რომ მიგრანტთა ოჯახების წევრთა გაერთიანების (მათი შეერთების - რედ.) წესები შეეცვალა. სასამართლომ ასევე გამოიტანა მრავალი გადაწყვეტილება იტალიის წინააღმდეგ, მიგრანტების მიმართ მოპყრობის გამო.

აღნიშნულის გამო, სახელმწიფოებს აინტერესებთ, „სასამართლო, ზოგიერთ შემთხვევაში, ხომ არ გასცდა კონვენციის ჩარჩოებს, ზედმეტად ხომ არ გააფართოვა თავისი უფლებამოსილების არეალი და ამით ხომ არ შეცვალა შეცვალა ბალანსი იმ ინტერესებს შორის, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული“. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ინტერპრეტაციამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეზღუდა ჩვენი შესაძლებლობა, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჩვენს დემოკრატიებში“, - ნათქვამია წერილში. სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, მელონიმ არალეგალური მიგრაციის შემცირებას პირობა დადო, მაგრამ მისმა ნაბიჯმა იტალიაში უკანონოდ შესული მიგრანტების ალბანეთში გახსნილ მიგრანტთა ცენტრებში გადაგზავნის შესახებ მთელი რიგი იურიდიული სირთულეები და შეფერხებები გამოიწვია. იტალიელმა მოსამართლეებმა არაერთხელ თქვეს უარი იტალიის ხელისუფლების მიერ ზღვაზე დაკავებული მიგრანტების ალბანეთში გადაგზავნის გადაწყვეტილებისთვის მოეწერათ ხელი და ასეთი საქმეები მათ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაუგზავნეს, რომელსაც თავისი აზრი ჯერ არ გამოუთქვამს.

მიუხედავად იმისა, რომ წერილზე დიდი ბრიტანეთის ხელმოწერა არ არის, მისმა საკუთარმა სქემამ - მიგრანტების „ძალიან შორს“, რუანდაში დეპორტაციამ - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან კონფლიქტი მაინც გამოიწვია.

წყარო: 1tv.ge