1-ლი აპრილიდან საგზაო და სარკინიგზო გადამზიდავებმა, ევროკავშირის იმპორტის კონტროლის სისტემა 2-ის (ICS2) ფარგლებში, საბაჟო ორგანოებს ბლოკის ტერიტორიაზე გაგზავნილ ან მისი გავლით სატრანზიტო საქონლის შესახებ მონაცემები ტვირთის ჩასვლამდე, ზუსტი და სრული შემაჯამებელი დეკლარაციის (Entry Summary Declaration-ENS) მეშვეობით უნდა მიაწოდონ.
ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირში შესული საქონლის დაცვისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად ICS2-ის სისტემა 1-ელ აპრილს სარკინიგზო და საავტომობილო გზებზე გავრცელდება და ტრანსპორტის ყველა რეჟიმს მოიცავს, რაც არსებულ საჰაერო, საზღვაო და შიდაწყლების ტრანსპორტზე მოქმედ რეგულაციას, ანუ ICS1-ს დაემატება.
ეს ვალდებულება, ასევე, საფოსტო და ექსპრეს-გადამზიდველებს ეხება, რომლებიც საქონლის ტრანსპორტირებას ამ სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ეწევიან. ასევე, შეეხება სხვა მხარეებს, როგორიც არის ლოგისტიკური სერვისის მიმწოდებლები. გარკვეულ შემთხვევებში, ევროკავშირში დაფუძნებულ საბოლოო მიმღებ პირებს, ასევე, მოუწევთ ENS-მონაცემების წარდგენა ICS2-ში.
ეკონომიკურმა ოპერატორებმა, რომლებიც ამ თარიღისთვის (1 აპრილი) მზად არ არიან, უნდა დაუკავშირდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ეროვნული საბაჟო ორგანოს, სადაც დარეგისტრირდნენ და მათი EORI-ნომერი აქვთ მიღებული, რომ მათი მდებარეობის ფანჯარა არაუგვიანეს 2025 წლის 1-ელ მარტამდე მოითხოვონ. განლაგების ფანჯრები მხოლოდ მოთხოვნით გაიცემა.
ICS2-ის მოთხოვნების შესაბამისობისთვის ბიზნესებს მოეთხოვებათ, დარწმუნდნენ, რომ თავიანთი კლიენტებისგან ზუსტ და სრულ მონაცემებს შეაგროვებენ, IT-სისტემებსა და ოპერაციულ პროცესებს განაახლებენ და თავიანთი პერსონალისთვის ადექვატურ ტრენინგს უზრუნველყოფენ. ICS2-თან დაკავშირებამდე ეკონომიკურმა ოპერატორებმა, ასევე, შესაბამისობის ტესტი წარმატებით უნდა გაიარონ, რომ საბაჟო ორგანოებთან შეტყობინებების წვდომისა და ინფორმაციის გაცვლის უნარი დაადასტურონ. თუ მოვაჭრეები დროულად არ დააკმაყოფილებენ ICS2-ის მოთხოვნებს, საქონელი შესაძლოა, ევროკავშირის საზღვრებთან შეჩერდეს და საბაჟო ორგანოების მიერ არ განაბაჟებს.
ცნობისთვის: ევროკავშირის იმპორტის კონტროლის სისტემა 2 (ICS2) ევროკომისიის, წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებსა და ბიზნესებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. ICS2 მიზნად ისახავს, გააძლიეროს ევროკავშირში შესული საქონლის უსაფრთხოება და ყველა სატრანსპორტო რეჟიმისთვის სტანდარტიზებული წინასწარი საბაჟო პროცედურა შემოიღოს. ICS2-ი საბაჟო ორგანოებს საშუალებას აძლევს, უკეთ შეაფასონ შემავალ საქონელთან დაკავშირებული რისკები, რაც საბაჟო სამართალდარღვევების თავიდან აცილებისა და მასთან საბრძოლველად ევროკავშირის უნარს აუმჯობესებს, ეს კი საბოლოო ჯამში სავაჭრო გარემოს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს ქმნის.
მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან არსებული ICS1 ეტაპობრივად გაუქმდება და მას კავშირის საბაჟო კოდექსის შესაბამისად ICS2 ახალი ბიზნესპროცესით სრულად ჩაანაცვლებს. ევროკომისია ინგლისურ ენაზე ყოველთვიურ ვებინარებს აწყობს, სადაც ეკონომიკურ ოპერატორებს შეუძლიათ, ICS2-ის ოპერატიულ-ტექნიკური ასპექტების შესახებ კითხვები დასვან. შემდეგი ვებინარი 5 თებერვალს არის ჩანიშნული.