ევროკავშირმა და ინდოეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პაქტზე მუშაობა მიმდინარე წელს დასრულდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინდოეთში ვიზიტის შემდეგ გახდა ცნობილი.
ევროკავშირის მიზანია, ინდოეთმა ავტომობილების იმპორტზე ტარიფები შემაციროს, ინდოეთი კი ცდილობს თავისი იაფი მედიკამენტები ევროკავშირის ბაზარზე უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს. ინდოეთს ასევე სურს EU-ს მხრიდან ტარიფების შემცირება ქსოვილისა და ტყავის ნაწარმის ექსპორტზე.
ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირი მოელის "ამბიციურ" სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებას, რომელიც დაფარავს როგორც, მაგალითად, ფარმაცევტულ, ასევე თავდაცვის და სხვა ინდუსტრიებს.
ცნობისთვის, მხარეებს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2021 წლიდან, 8-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ბრიუსელი და ნიუ-დელი იმ ძირითად მიმართულებებს განიხილავენ, სადაც ორ მხარეს შორის, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ახლო თანამშრომლობაა შესაძლებელი.
უნდა ითქვას, რომ ინდოეთი-ევროკავშირის მოლაპარაკებები დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მიმდინარეობს.
ევროკავშირი ინდოეთის პროდუქტის უმსხვილესი იმპორტიორია. ათწლეულის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობა 90%-ით გაიზარდა და 2023/24 ფისკალურ წელს $137.5 მილიარდი შეადგინა.
ორივე მხარე ხაზს უსვამს, რომ შეთანხმება მარტივი არ იქნება, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება შეთანხმების დოკუმენტით.