ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ტარიფების წინააღმდეგ 28 მლრდ დოლარამდე ამერიკულ იმპორტზე კონტრზომების პირველ კომპლექტს წარადგენენ.
ამის შესახებ Reuters წერს.
7 აპრილის საღამოს ევროკომისია წევრ ქვეყნებს შესთავაზებს აშშ-ის საქონლის სიას, რომელიც ფოლადსა და ალუმინზე ტრამპის ტარიფების საპასუხოდ დამატებით ტარიფებს დაექვემდებარება.
Reuters-ის ცნობით, სიაში შედის ხორცი, ბურღულეული, ღვინო, ხე-ტყე და ტანსაცმელი შეერთებული შტატებიდან, ასევე, საღეჭი რეზინი, კბილის ძაფი, მტვერსასრუტები და ტუალეტის ქაღალდი.
Reuters მოელის, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ევროკავშირის პირველი კონტრტარიფები კენჭისყრაზე 9 აპრილს გავა და დამტკიცდება. ევროპული კონტრტარიფები ორ ეტაპად ამოქმედდება. კერძოდ, მცირე ნაწილი 15 აპრილიდან, ხოლო დანარჩენი ერთი თვის შემდეგ შევა ძალაში.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი 7 და 8 აპრილს ფოლადის, საავტომობილო და ფარმაცევტული ინდუსტრიის მმართველებთან ცალკეულ დისკუსიებს გამართვას, რომ ტარიფების გავლენა შეაფასოს და მომავალი ქმედებები განსაზღვროს.
ამ ნაბიჯით ევროკავშირი აშშ-ის მიმართ საპასუხო ტარიფების დაწესებაში ჩინეთსა და კანადას უერთდება.
27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკი ფოლადის, ალუმინისა და ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფების, ხოლო 9 აპრილიდან ყველა სხვა საქონელზე „საპასუხო“ 20%-იანი ტარიფების ამოქმედების მოლოდინშია.
ტრამპის ტარიფები აშშ-ში ევროკავშირის ექსპორტის, დაახლოებით, 70%-ს მოიცავს, რამაც 2024 წელს 585 მლრდ დოლარი შეადგინა.