31 აგვისტოს ისრაელმა და საბერძნეთმა €3 მილიარდის ღირებულების თავდაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ფარგლებშიც ისრაელი საბერძნეთისთვის მრავალშრიან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას – "აქილევსის ფარს" – შექმნის.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული უმსხვილესი თავდაცვითი საექსპორტო შეთანხმება, რომელიც ამასთანავე ერთ-ერთი უდიდესია ისრაელის ისტორიაში.

სისტემას საბერძნეთი ბალისტიკური რაკეტებისგან, საჰაერო თავდასხმებისა და დრონებისგან დასაცავად გამოიყენებს.

შეთანხმების ფარგლებში ისრაელური კომპანია Rafael საბერძნეთს "დავითის შურდულისა" და SPYDER-ის სისტემებს მიაწვდის და საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის ერთიან სისტემას შექმნის, რომელიც ქვეყნის თავდაცვით შესაძლებლობებს გააერთიანებს.

საბერძნეთი ფინეთის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდება, რომელიც "დავითის შურდულს" მიიღებს. პროგრამა ასევე მოიცავს საბერძნეთისთვის Israel Aerospace Industries-ის BARAK MX-ის სისტემებისა და მისი შვილობილი კომპანია ELTA-ს მრავალფუნქციური რადარების მიწოდებას.

ამას გარდა, დამატებითი €26-მილიონიანი შეთანხმებით ისრაელი საბერძნეთს Rafael-ის დრონსაწინააღმდეგო სისტემებსაც მიაწვდის, რომლებიც დრონებისგან სტრატეგიული ობიექტების დასაცავად იქნება გამოყენებული. პროგრამის შესრულება დაუყოვნებლივ დაიწყება, მისი დასრულება კი დაახლოებით 35 თვეში იგეგმება.

პროექტში 19 ბერძნული კომპანია იქნება ჩართული. მათი მონაწილეობა პროგრამის ღირებულების დაახლოებით 25%-ს, €750 მილიონს შეადგენს.