ევროკავშირში 19 ივლისიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მსხვილ კომპანიებს გაუყიდავი ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების განადგურება აეკრძალებათ.

ევროკომისიის განცხადებით, ცვლილების მიზანია პროდუქციისა და მისი წარმოებისთვის გამოყენებული რესურსების ფლანგვის შემცირება. კომპანიებს მოუწევთ გაუყიდავი საქონლის ალტერნატიული გზებით გამოყენება — გაყიდვა ფასდაკლებით, დონაცია, ხელახალი წარმოება ან გადამუშავება.

პროდუქციის განადგურება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება დაშვებული, მაგალითად, თუ საქონელი დაზიანებულია, უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ყალბია ან არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ასევე, განადგურება შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ საქველმოქმედო ორგანიზაციები მის მიღებაზე უარს იტყვიან.

ასეთ შემთხვევებში კომპანიებს დასჭირდებათ შესაბამისი დოკუმენტაციისა და ანგარიშების წარდგენა, სადაც მითითებული იქნება განადგურებული პროდუქციის მოცულობა და მიზეზები. წესების შესრულებას ეროვნული უწყებები გააკონტროლებენ, დარღვევებისთვის კი კომპანიები დაჯარიმდებიან.

შეზღუდვა თავდაპირველად მსხვილ კომპანიებს შეეხება, ხოლო საშუალო ზომის ბიზნესებისთვის მსგავსი მოთხოვნა 2030 წლიდან ამოქმედდება.

ევროკომისიის მონაცემებით, ევროპაში ბაზარზე განთავსებული ტექსტილის პროდუქციის დაახლოებით 4%-9% გამოყენებამდე ნადგურდება, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 264-594 ათასი ტონა ტექსტილის განადგურებას ნიშნავს. ახალი რეგულაცია ევროკავშირის მდგრადი პროდუქტების ეკოდიზაინის წესების (ESPR) ნაწილია.