საქართველოში კერძო სკოლების ბაზარი კვლავ ფრაგმენტირებულია — 205 კერძო სკოლიდან 133-ს 300-ზე ნაკლები მოსწავლე ჰყავს. ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ მომზადებულ განათლების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, არსებული პირობების ფონზე მოსალოდნელია უფრო მსხვილი და ინსტიტუციური ოპერატორების გაძლიერება, რადგან მათ უკეთ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ხარჯებთან, რეგულაციებთან და განათლების ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
Galt&Taggart-ის შეფასებით, კერძო სკოლების მომგებიანობისთვის მთავარ შეზღუდვად პერსონალის მაღალი ხარჯები რჩება. ეფექტიანი ხარჯების სტრუქტურის მქონე სკოლები EBITDA მარჟას 15%-დან 37%-მდე ინარჩუნებენ, მაშინ როცა მაღალი დანახარჯების მქონე ოპერატორები ზღვრულ მოგებაზე ან ზარალზე მუშაობენ.
მიმოხილვის თანახმად, სახელფასო ხარჯების ზრდის პირობებში კონკურენტული უპირატესობა მასშტაბურ და ეფექტიან ოპერატორებს ექნებათ. შედეგად, მოსალოდნელია სუსტი მოთამაშეების ბაზრიდან გასვლის პროცესის დაჩქარება და განათლების სექტორში კონსოლიდაციის გაძლიერება.
