სანქციების ახალი პაკეტი, რომლის შემოღებასაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ გეგმავს, „ისტორიაში ყველაზე მასშტაბური“ იქნება, რადგან ის ერთდროულად ოთხ სასანქციო რეჟიმს მოიცავს. როგორც ევროკავშირის მაღალჩინოსანი იტყობინება, პაკეტი 20 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე გამოცხადდება - წერს DW.

მედიის ინფორმაციით,  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს შემოიღებენ: უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ჰიბრიდული ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის. საერთო ჯამში კი, მიღებული იქნება 130-ზე მეტი ცალკეული სანქცია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, „ჩრდილოვანი ფლოტის“ და მისი დამხმარეების, მესამე ქვეყნებიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის მიმწოდებლების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ.

ჰიბრიდული საქმიანობისთვის ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში, 27 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სექტორული ზომები, ასევე ინდივიდუალური სანქციები დაწესდება.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, სანქციების სიებში რუსეთიდან კიდევ 28 ფიზიკური და იურიდიული პირი შევა.

რაც შეეხება ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის მოსალოდნელ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, საუბარია მასობრივი არეულობის ჩახშობის ქიმიურ საშუალებებზე, რომლებსაც რუსული მხარე უკრაინაში ომის წარმოების საშუალებად იყენებს.

ცნობისთვის, ოთხშაბათს, 14 მაისს, ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი შეათანხმეს, ხოლო 16 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ, რიგით მე-18 ფართომასშტაბიან სანქციებზე მუშაობს. ის გამოვიდა ინიციატივით, სანქციები დაწესდეს „ჩრდილოვანი ნაკადის“ გაზსადენის, რუსეთის საბანკო სექტორისა და ჩრდილოვანი ფლოტისთვის, რომელსაც მოსკოვი სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე გამოაცხადა ნავთობის ფასის ლიმიტის შემცირების გეგმები, რომელიც G7-ის დონეზეა დადგენილი.

უკრაინაში რუსული აგრესიისთვის სანქციების მე-17 პაკეტის ფარგლებში, სანქციების სიას 75 ახალი იურიდიული და ფიზიკური პირი, ასევე „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200 გემი დაემატება. შედეგად, ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფი პირების რაოდენობა 2500-ს გადააჭარბებს, ხოლო გემების - 300-ს.

mtavari.tv