29 სექტემბერს, 13-მა ესტონურმა საფეხბურთო კლუბმა ესტონეთის ფეხბურთის ასოციაციის (EJL) რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა, რათა რუსული კლუბებისთვის უეფა-ს „სოლიდარობის“ თანხების გადახდის შეჩერების პროცესი დაიწყოს.
ესტონურ კლუბებს ასევე სურთ, უზრუნველყონ, რომ „სოლიდარობის“ თანხები უკრაინულ საფეხბურთო კლუბებსაც გადაეცეთ და უეფა-ს რიგებიდან რუსეთის საფეხბურთო კავშირის გარიცხვის პროცესი დაიწყოს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მეოთხე წელს უეფა კვლავ აგრძელებს რუსული კლუბების მუდმივ დაფინანსებას, მაშინ როცა რამდენიმე უკრაინული კლუბისთვის სუბსიდიები დაბლოკილია - ეს ამორალური და უსამართლოა. ჩვენთვის ეს პრინციპული საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც ესტონეთის საფეხბურთო ასოციაციის (EJL) პრეზიდენტისგან მხოლოდ ძალიან უცნაური მოსაზრებები და განმარტებები მოვისმინეთ იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეგვიძლია არაფრის გაკეთება. ეს ესტონეთის საფეხბურთო საზოგადოებისა და მისი კლუბებისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ესტონეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „პაიდე ლინამეესკონდის“ პრეზიდენტმა და მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა, ვეიკო ვესკიმიაემ.
„მიგვაჩნია, რომ შეგვიძლია, ბევრად მეტი გავაკეთოთ. სწორედ ამიტომ ვიწვევთ რიგგარეშე საერთო კრებას, როგორც ეს წესდებითაა გათვალისწინებული“.
15 აგვისტოს, ხუთმა ესტონურმა საფეხბურთო კლუბმა ასევე მიმართა EJL-ს და იკითხა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავდა ასოციაცია და მისი პრეზიდენტი, აივარ პოჰლაკი, რომელიც უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ამ კითხვებზე პასუხი მათ ჯერ არ მიუღიათ.
ვესკიმიაეს თქმით, რიგგარეშე საერთო კრების მთავარი საკითხი ის ღირებულებებია, რომლებზეც სპორტია დაფუძნებული.
„ჩვენი ერთობლივი საფეხბურთო ფონდიდან, ყოველწლიურად, მილიონობით ევრო იხარჯება რუსული კლუბების მხარდასაჭერად იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში, მისი დრონები შეფრინდნენ პოლონეთში, ხოლო ავიაგამანადგურებლები, ესტონეთის საჰაერო სივრცეში ყოფნით, ამ ქვეყნის პროვოცირებას ახდენენ,“ - აღნიშნა ვესკიმიაემ.
„რამდენიმე რუსული კლუბი, რომლებმაც უეფა-ს „სოლიდარობის“ დაფინანსება მიიღეს, სანქცირებულ პირებს ეკუთვნით ან რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ელიტასთან არიან დაკავშირებულნი. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ საერთაშორისო ფეხბურთი იმართებოდეს სამართლიანად და იმ ღირებულებებით, რისთვისაც ფეხბურთი არსებობს“.
13 ესტონური კლუბის მიერ მოწვეული რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია: უეფა-სთვის განცხადების წარდგენა რუსული კლუბების დაფინანსების შეწყვეტისა და უეფა-ს რიგებიდან რუსეთის გარიცხვის შესახებ.
კრების მოწვევის მოთხოვნაში ასევე დაკონკრეტებულია, თუ რის გაკეთებას სთხოვენ ასოციაციის წევრები უეფა-ს. ეს მოთხოვნებია:
1. შეწყდეს ყველა სახის თანხის გადახდა რუსული კლუბებისთვის;
2. უზრუნველყოფილ იქნას გადახდების განხორციელება უკრაინული კლუბებისთვის;
3. რუსეთის საფეხბურთო კავშირის გარიცხვა უეფა-ს რიგებიდან.
ვესკიმიაემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ EJL-ის სამდივნოს მიერ გასულ კვირას მედიისთვის გაგზავნილი პოზიცია შექმნის თანამშრომლობის სულისკვეთებას.
„ეს აჩვენებს, რომ ახლა სწორი დროა საერთო კრების მოსაწვევად და უეფა-ში ზომების მისაღებად, რათა დაცული იყოს უკრაინისა და ყველა ჩვენგანის ინტერესები. იმედია, კრების ერთიანი პოზიცია EJL-ის პრეზიდენტს მისცემს ბერკეტს, უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტში ამ საკითხის წინ წასაწევად“, - აღნიშნა ვესკიმიაემ.
კლუბებმა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნა EJL-ს საბჭოს წარუდგინეს.
ასოციაციის წესდების 19.1.2 პუნქტის თანახმად, EJL-ის საბჭო მოიწვევს რიგგარეშე საერთო კრებას, თუ ამას წერილობით მოითხოვს EJL-ის წევრთა სულ მცირე ერთი მეათედი (1/10), მიზეზების მითითებით. მოთხოვნის წარდგენის დროისთვის, სპორტის რეესტრის მიხედვით, EJL-ს სულ 110 წევრი ჰყავდა.
***
2022 წლის 28 თებერვალს, უეფა-მ და ფიფა-მ გადაწყვიტეს, საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსული კლუბებისა და ეროვნული გუნდების მონაწილეობა შეეჩერებინათ. უეფა-მ ასევე შეაჩერა თავის რიგებში რუსეთის საფეხბურთო კავშირის წევრობა. ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვალი) მალევე იქნა მიღებული. რუსეთის საფეხბურთო კავშირის წევრობის შეჩერების მიუხედავად, უეფა-მ გააგრძელა რუსული კლუბებისთვის ფინანსური „სოლიდარობის შენატანების“ გადახდა, რუსეთის ფეხბურთის კავშირის მეშვეობით, შემდეგი ოდენობით:
2022/23 წლების სეზონი: 3.305 მილიონი ევრო;
2023/24 წლების სეზონი: 3.381 მილიონი ევრო;
2024/25 წლების სეზონი: 4.224 მილიონი ევრო.
ამავდროულად, უეფა (უფრო ზუსტად, უეფა-ს მიერ გამოყენებული შვეიცარიული ბანკები) ბლოკავს „სოლიდარობის“ გადახდებს უკრაინული კლუბებისთვის. უკრაინულმა კლუბებმა (მათ შორის „ჩერნომორეცმა“, „მეტალურგმა“, „მეტალისტ 1925“-მა და სხვებმა) ოფიციალური საჩივრები შეიტანეს უეფა-ს პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინთან, რადგან მათი „სოლიდარობის“ თანხების გადახდა შვეიცარიულმა ბანკებმა დააგვიანეს ან დაბლოკეს, იმ მიზეზით, რომ კლუბები „საომარი მოქმედებების ზონაში“ ფუნქციონირებენ.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"