საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომის შემუშავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ირლანდიის ლიდერებთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ კოორდინირებული მიდგომა გააძლიერებს როგორც ბავშვებისა და მოზარდების დაცვას ციფრულ სივრცეში, ისე მსხვილი ონლაინ პლატფორმების პასუხისმგებლობას.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი და საბერძნეთი, უკვე განიხილავს შეზღუდვების დაწესებას. თუმცა თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული წინადადებებია წარმოდგენილი, სხვადასხვა მინიმალური ასაკითა და დაცვის მექანიზმებით, რაც ევროკავშირში არაერთგვაროვანი წესების შექმნის რისკს აჩენს.
მაკრონს სურს, ეს ინიციატივები ევროკავშირის დონეზე ერთიანი იყოს.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას ითვალისწინებს. პორტუგალიის პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 13-დან 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის მშობლების მკაფიო თანხმობა დასჭირდებათ. დიდი ბრიტანეთი განიხილავს 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას.