საბერძნეთის განვითარების და ინვესტიციების სამინისტრომ სუპერმარკეტებთან მიაღწია შეთანხმებას მინიმუმ ათას სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების შემცირების თაობაზე. სექტემბერში ქვეყანაში ინფლაცია, 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, ყველაზე დაბალ დონეზე შენარჩუნდა, რაც ევროსტატის (ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური) მონაცემებიდან გამომდინარე, ენერგომატარებლებზე დაბალმა ფასებმა განაპირობა.
ფასების შემცირებაზე შეთანხმება
ოქტომბრის პირველი 15 დღის განმავლობაში, სუპერმარკეტებში 1000 დასახელების პროდუქტზე ფასების შემცირება გამოცხადდება. ეს შეთანხმება 1 ოქტომბერს განვითარების და ინვესტიციების მინისტრ ტაკის თეოდორიკაკოსისა და კვების მრეწველობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. შემცირებული ფასები ძალაში იქნება, მინიმუმ, წლის ბოლომდე, გაგრძელების პერსპექტივით. ამავდროულად, მთავრობამ სუპერმარკეტებს მოუწოდა, შეზღუდონ საშუალო მოგების მარჟა, რათა სხვა პროდუქტებზეც უფრო დიდი ფასდაკლებები დაწესდეს.
ელექტროენერგიის ტარიფები უცვლელი რჩება
საბერძნეთში ელექტროენერგიის უმსხვილემა მიმწოდებელმა, DEI-მ გამოაცხადა, რომ ოქტომბერში უცვლელად შეინარჩუნებს სექტემბრის ტარიფებს, რითაც საბითუმო ფასების ზრდას შთანთქავს. განცხადებები ფიქსირებული ან შემცირებული ტარიფების შესახებ სხვა პროვაიდერებმაც გააკეთეს.
ინფლაციის შეკავება
ევროსტატის პირველადი შეფასებით, სექტემბერში საბერძნეთში, ევროზონის მასშტაბით, მესამე ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა და მისმა მაჩვენებელმა 1.8 პროცენტი შეადგინა (აგვისტოს 3.1%-თან შედარებით). ამ მხრივ უკეთესი მაჩვენებლები მხოლოდ საფრანგეთს (1.1%) და კვიპროსს (0%) ჰქონდათ. მთლიანად ევროზონაში კი ინფლაციამ 2.2% შეადგინა. რაც შეეხება სასურსათო პროდუქციაზე ინფლაციას, მისი ზრდა საბერძნეთში 1.4%-მდე შენელდა (აგვისტოს 2.4%-ის ნაცვლად), იმ დროს, როდესაც ევროზონაში ეს მაჩვენებელი 3% იყო.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"