დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო, Ciel Tower, ამ წლის ბოლომდე გაიხსნება. 365 მეტრის სიმაღლის შენობა დუბაის მარინას უბანში მდებარეობს და მოგზაურებს რეგიონის პლაჟებსა და გასართობ ცენტრებზე მარტივ წვდომას სთავაზობს.
„Ciel არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ ახალი გლობალური ღირსშესანიშნაობა და დეველოპერული კომპანია The First Group-ის ყველაზე დიდი და მდიდრული პროექტია“, — განაცხადა დეველოპერმა.
82-სართულიანი შენობა 1004-ზე მეტ ნომერს მოიცავს, რომელთაგან 150-მდე ლუქსი იქნება. სასტუმროს 76-ე სართულზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი პანორამული აუზი განთავსდება, ხოლო 81-ე სართულზე სტუმრებს 360-გრადუსიანი ხედებით დატკბობა სადამკვირვებლო პლატფორმიდან შეეძლებათ. მე-16 სართულზე მოეწყობა აღმასრულებელი ლაუნჯი NEST, რომელიც დამსვენებლებს ჰორიზონტის შთამბეჭდავ ხედებს შესთავაზებს.
სასტუმროში, ასევე, განთავსდება თანამედროვე სპორტული დარბაზი, სხვადასხვა ლაუნჯი და სპეციალური საბავშვო აუზი. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ათი რესტორანი და ბარი.
Ciel Tower, რომელიც ლონდონში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმა NORR Group-მა დააპროექტა, IHG Hotels & Resorts ქსელის ბრენდ Vignette Collection-ის ქვეშ იფუნქციონირებს.