დონალდ ტრამპს ევროკავშირის განადგურება და თავისი წარმოსახვის მიხედვით აღდგენა სურს, – ასეთ სტატიას აქვეყნებს გამოცემა „პოლიტიკო“.

„ტრამპმა პირველ ვადაში სცადა და ვერ შეძლო ევროკავშირის ჯავშანში ნაპრალის პოვნა სავაჭრო ომის საშუალებით, მაგრამ ახლა მან უფრო მოწყვლადი წერტილი იპოვა – უზარმაზარი უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც მან შექმნა უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტით, ამჟღავნებს პოტენციურად სასიკვდილო ბზარებს 27-წევრიან ბლოკში. მას ცოტა რამ თუ გაახარებდა ამაზე მეტად. აშშ-ის პრეზიდენტს, დიდი ხანია, შეუნიღბავი უპატივცემულობა ჰქონდა ევროკავშირის მიმართ, რომელსაც ის აღწერდა, როგორც შექმნილს „შეერთებული შტატების გასაცურებლად“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის თანახმად, ტრამპი ევროკავშირის ისეთი გაერთიანებების გვერდით აყენებს, როგორებიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებიც, აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, უნდა დაისაჯონ ამერიკის გაძარცვისთვის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპის მეორე ვადის მხოლოდ პირველ რამდენიმე კვირაში, მისმა ადმინისტრაციამ აჩვენა, რომ ბრიუსელს ცოტა ყურადღებას მიაქცევს.

„გზავნილი ნათელია: ტრამპი განზე გაწევს ევროკავშირს და ითამაშებს „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკას ნაციონალურ ლიდერებთან. ეს შეუძლებელი იყო მისი პირველი ვადის სავაჭრო ომის დროს, როდესაც ევროპა გაერთიანდა მისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ახლა კი განხეთქილება უკრაინის ომის გარშემო ბლოკის ერთიანობის ეგზისტენციალური კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, – ნათქვამია სტატიაში.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირის საწინააღმდეგო კურსი ახლა ემთხვევა კრემლის ხანგრძლივ მტრობას ბლოკის მიმართ და იწვევს კრიზისს ბრიუსელის ინსტიტუტებში.

„ევროკავშირი, როგორც ბლოკი, ცდილობს, დაამტკიცოს თავისი მნიშვნელობა, მაშინ როცა ეროვნული ლიდერები, როგორებიც არიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, წინ გამოდიან ტრამპისადმი ევროპის პასუხის სათავეში. ევროპის საბჭო, სადაც მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები 27 ეროვნულმა ლიდერმა უნდა მიიღოს კონსენსუსის საფუძველზე, ვლინდება როგორც ძალიან გახლეჩილი და არასაკმარისად მოქნილი, რათა უპასუხოს იმ ქარიშხლის მასშტაბს, რომელსაც ტრამპი აღვივებს უკრაინის გარშემო. მართლაც, ევროკავშირის დიპლომატები უკვე ამცირებენ მოლოდინებს ბრიუსელში გასამართ საბჭოს საგანგებო სამიტზე რაიმე მნიშვნელოვან გარღვევასთან დაკავშირებით უნგრეთის წინააღმდეგობის გამო. ამის ნაცვლად, სტარმერი და მაკრონი იძულებულნი არიან, იმუშაონ ევროკავშირის გვერდის ავლით სხვადასხვა დიპლომატიურ ფორმატში, იწვევენ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან თურქეთი და კანადა, და დემონსტრაციულად არ იწვევენ ევროკავშირის პრორუსულ ლიდერებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპი არყევს ბლოკს არა მხოლოდ იმით, რომ კრემლის სასარგებლოდ თამაშობს და დასავლურ ალიანსს ძირს უთხრის, არამედ უშუალოდ ეროვნულ პოლიტიკაში ჩარევით და ულტრამემარჯვენე პარტიების აღზევების მხარდაჭერით. ევროპაში უფრო პესიმისტი დამკვირვებლები ამტკიცებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ხელი შეუწყოს ევროპაში პოპულისტურ ნაციონალისტურ ძალებს, რათა დაეხმაროს ევროკავშირის განადგურებას და ის ქვეყნების ბევრად უფრო თავისუფალ კონფედერაციად აქციოს, რომელთაგან თითოეული უფრო მეტად იქნება დავალებული შეერთებული შტატების ან, შესაძლოა, რუსეთის მიმართ“, – ნათქვამია სტატიაში.

1tv.ge