ევროპა დასავლეთ ნილოსის ვირუსის ყველაზე ინტენსიურ სეზონს განიცდის, რადგან ვირუსი კონტინენტის ახალ ნაწილებში ვრცელდება და ინფიცირებული კოღოს ნაკბენით გადადის, განაცხადა ხუთშაბათს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა (ECDC).
ევროკავშირის ქვეყნებმა 7 ოქტომბრის მონაცემებით, დასავლეთ ნილოსის ვირუსის 1715 ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა დააფიქსირეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 130 გარდაცვალების შემთხვევა. ზოგიერთი შემთხვევა იმ რეგიონებში დაფიქსირდა, სადაც ინფექცია აქამდე არ დაფიქსირებულა.
„ბელგიასა და ნიდერლანდებში ადამიანებსა და ცხოველებში ბოლო დროს აღმოჩენილი შემთხვევები მიუთითებს, რომ ვირუსი ამჟამად უფრო ჩრდილოეთით ცირკულირებს და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, - გააფრთხილა ECDC–მ.
ნიდერლანდებში წლის დასაწყისიდან ადამიანებში ინფიცირების 59 შემთხვევა დაფიქსირდა. ბელგიაში კი 15 შემთხვევა დაფიქსირდა - ეს ქვეყანაში დაფიქსირებული პირველი ადგილობრივი ინფექციის შემთხვევაა.
იტალია კვლავ ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, 748 შემთხვევით, ხოლო საბერძნეთსა და საფრანგეთში, შესაბამისად, 445 და 144 შემთხვევა დაფიქსირდა - ეს დასავლეთ ნილოსის ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ ქვეყნებში.
„დასავლეთ ნილოსის ვირუსი ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მულტისექტორული მიდგომა ასეთი მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსმა ექსპერტმა სელინ გოსნერმა პრესრელიზში. „ვირუსი კოღოებსა და ფრინველებს შორის ცირკულირებს და შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები ადამიანებსა და ცხენებში, ამიტომ ვერც ერთი სექტორი ვერ შეძლებს ამ რისკის დამოუკიდებლად მოგვარებას“, - დასძინა მან.
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა კონტინენტზე იზრდება, დაავადების სიმძიმე უცვლელი რჩება. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გარდაცვლილთა, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების ან ნევროლოგიური სიმპტომების განვითარების შემთხვევების რაოდენობა წინა ათწლეულის მაჩვენებლებს შეესაბამება.