ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც მასობრივი ტანჯვა გამართლებულია, სადაც ადამიანებს იყენებენ სავაჭრო ბარათებად, სადაც საერთაშორისო სამართალს ეპყრობიან როგორც წინაღობას, კონფლიქტები მრავლდება და დაუსჯელობა გახდა ნორმა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გუტერეშის თქმით, ეს ყველაფერი არ ხდება ცოდნის თუ ინსტიტუტების ნაკლებობის გამო, არამედ არის პოლიტიკური არჩევანის შედეგი.
„ადამიანის უფლებების კრიზისი ასახავს და აძლიერებს ყველა სხვა გლობალურ ბზარს. ჰუმანიტარული საჭიროებები ფეთქებადი სისწრაფით იზრდება, ხოლო დაფინანსება იშლება, უთანასწორობა კი თვალისმომჭრელი სიჩქარით ფართოვდება. ქვეყნები ვალებში და სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილი. ტექნოლოგია, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი, სულ უფრო მეტად გამოიყენება ისე, რომ ახშობს უფლებებს, აღრმავებს უთანასწორობას. ონლაინ სივრცეები მოწამლულია დეზინფორმაციითა და სიძულვილით. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო საფუძვლები კომპრომისების გარეშე. გაერო-ს წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და საერთაშორისო სამართლის ნორმები ადამიანის უფლებების სფეროში არ არის სახელმძღვანელო, საიდანაც შეიძლება, მოსაწონი ნაწილები ამოარჩიო და დანარჩენი უგულებელყო. მეორე, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი ინსტიტუტები. არ შეიძლება, ვიქცეოდეთ ისე, თითქოს დღევანდელი გლობალური მმართველობის სისტემის დისფუნქცია რაღაცნაირად განცალკევებულია გლობალურად ადამიანის უფლებების გაუარესებისგან. უსაფრთხოების საბჭო როცა ბლოკირებულია, როდესაც ვეტო პოლიტიკური ფარის ფუნქციას ასრულებს, როდესაც გეოპოლიტიკური მეტოქეობა მოსახლეობის დაცვას გადაწონის, ყოველთვის ერთი და იგივე იქნება შედეგი: დაუსჯელობა გაიზრდება და ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელება. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების საბჭო, რომელიც დღევანდელ სამყაროს ასახავს და არა 1945 წლის სამყაროს. იგივე ითქმის საერთაშორისო ფინანსურ არქიტექტურაზე: განვითარებადი ქვეყნები უნდა სარგებლობდნენ რეალური მონაწილეობითა და სრულფასოვანი ხმის უფლებით. მცირე და მოწყვლადი სახელმწიფოები სესხების ხაფანგში როცა იმყოფებიან და ადეკვატურ ინვესტიციებს არიან მოკლებული, მათი მოქალაქეები მოკლებული არიან ადამიანის უფლებებს, განათლებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას და ღირსებას“, – აღნიშნა ანტონიუ გუტერეშმა.