ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც შესაბამისი კანონი გაუქმდება. მისი თქმით, პროცედურები განხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და გარკვეულ დროს მოითხოვს, თუმცა დაწყება „უახლოეს პერიოდშია“ მოსალოდნელი. ამის შესახებ მან პარლამენტში კანონპროექტის წარდგენის შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძემ განმარტა, რომ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ფინანსური ინსტიტუტის — ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნაზე. მისი ინფორმაციით, წინადადება მალე წარედგინება საქართველოს მთავრობას, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო განხილვები საქართველოს პარლამენტში. კითხვაზე, შეძლებს თუ არა ახალი ბანკი სესხების გაცემას, მან უპასუხა, რომ ეს ფუნქცია გათვალისწინებულია.
ვახტანგ ცინცაძე: უახლოეს მომავალში უკვე საქართველოს მთავრობას წარედგინება წინადადება და დაიწყება მათ შორის საპარლამენტო განხილვებიც აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
ჟურნალისტი: სესხების გაცემას შეძლებს ეს ეკონომიკის განვითარების ბანკი?
ვახტანგ ცინცაძე: რა თქმა უნდა.
მთავრობამ ფონდის ლიკვიდაციის კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ფონდის საკრედიტო პორტფელი და ოპერაციები შეუერთდება სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რის შემდეგაც იგეგმება ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბება.
"საქართველოს განვითარების ფონდს", ანუ ყოფილ "საპარტნიორო ფონდს" წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში ახალი კრედიტების გაცემა შეზღუდული ჰქონდა, რადგანაც IMF-ის შეფასებით "საპარტნიორო ფონდის" ოპერაციები ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან ფისკალურ რისკს შეიცავდა. თუმცა 2023 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ფონდის რეორგანიზაცია მოხდა და მისი შემადგენლობიდან მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების გამოსვლის პროცესი დასრულდა. ამის შემდეგ კი "საქართველოს განვითარების ფონდმა" ახალი სესხების გაცემა განაახლა.
ლიკვიდაციის კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.