გადაცემა „კომერსანტის თემის“ ეთერში აფბას ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ ისაუბრა დავაზე, რომელიც ნათია ჯანაშიას, დავით ცეცხლაძეს და საქართველოს კაპიტალს შორის მიმდინარეობს, საკითხი ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ეხება. გიორგი კაპანაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ აფბა გამოვიდა ინიციატივით, რომ დავის მონიტორინგი განახორციელოს.

ცნობისთვის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70 პროცენტი 2019 წელს საქართველოს კაპიტალმა შეიძინა დაახლოებით 30 000 000 ლარად, ხოლო დავა 5 წლის შემდეგ, 2024 წელს დაიწყო, როდესაც ნათია ჯანაშია კონტრაქტის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს დირექტორის თანამდებობიდან.

  • - 2 წელია ფრაგმენტულად გვესმის, რომ ეს დავა მიმდინარეობს, რატომ დაინტერესდით მაინცდამაინც ახლა?

    დავის შესახებ, რასაკვირველია ინფორმირებული ვიყავით, მაგრამ ბრალდებები ძირითადად მხოლოდ ერთი მხრიდან გვესმოდა - ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის დავით ცეცხლაძის მხრიდან. დავის მეორე მხარე, ძალზედ იშვიათად პასუხობდა. შეიძლება ითქვას, რომ 2-3 საპასუხო წერილის გარდა, არც ყოფილა რამე. საქართველოს კაპიტალი, მისი შვილობილი საქართველოს განათლების ჯგუფი და ბრიტანულ-ქართული აკადემია მხოლოდ გარკვეული ტიპის ბრალდებებზე პასუხობდა.

    როგორც ამა წლის იანვარში გაირკვა, სამართლებრივ საკითხებზე საჯარო დისკუსიაში არშესვლა, როგორც ლონდონის ბირჟაზე მოქმედ კომპანიისთვის, ჰოლდინგის პოლიტიკა ყოფილა. ეს ყველაფერი ჩვენ გავარკვიეთ იმ ადამიანისგან, რომელიც საქართველოს კაპიტალის მენეჯმენტიდან წავიდა. მისი ღია წერილიდან იმდენად მნიშვნელოვანი საკითხები ირკვევა, რომ ჩვენი ყურადღება უფრო ფოკუსირებული გახდა. მითუმეტეს, წერილის ავტორი, ჯანაშია-ცეცხლაძის წყვილისა და საქართველოს კაპიტალის გარიგების პირველივე დღეებიდან ჩართული ყოფილა ამ საკითხში.

    ამ წერილიდან გავიგეთ ისიც, რომ 2019 წელს ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს 70%-იანი წილის საფასურად 30 მილიონი ლარი აუღიათ, რაც ანგარიშზე გარიგების დადებიდან მეორე დღესვე ჩაერიცხათ. საქართველოს კაპიტალი 2024 წელს, ცოლ-ქმარს კიდევ დაახლოებით 25 000 000 ლარს თავაზობდა დარჩენილი 30 პროცენტის წილის საფასურად.

    ჩვენი ინტერესიც სწორედ აქედან გაჩნდა, მოვახდინოთ დავის მონიტორინგი და საზოგადოებას პირუთვნელი, ობიექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, რომელიც მოპოვებული იქნება ღია წყაროებიდან და დადასტურებული იქნება სათანადოდ.

  • - სატელევიზიო სიუჟეტში ნათია ჯანაშია თავის ადვოკატთან ერთად ამბობს, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს და იაფად გააყიდინეს წილი?

    ამ 2 წლის განმავლობაში თუ ვინმე ეცნობა პერიოდულად ცოლ-ქმრის გავრცელებულ ინფორმაციას, შთაბეჭდილება არ დარჩებოდა რომ გაბრიყვებულ ოჯახურ წყვილთან ქონდათ საქმე. ამას ადასტურებს სამხარაულის ეროვნული ბიუროს გავრცელებული დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს კაპიტალმა ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70 პროცენტი წილის შეძენისთვის საბაზროზე 540 000 ლარით მეტი ფასი გადაუხადა. ანუ ცოლ-ქმარი შეცდომაში შეიყვანეს და ნახევარ მილიონზე მეტი გადაუხადეს საბაზრო ღირებულებაზე? ამიტომ მანიპულაციაა, როდესაც ნათია ჯანაშია და მისი ადვოკატი ამბობენ, რომ საბაზროზე იაფად გაყიდეს წილი. წილის ღირებულებაში საბაზროზე მეტის აღება უკვე დამტკიცებული ფაქტია და საპირისპიროს თქმა, ჩვეულებრივი მანიპულაციაა.

  • - ახლა უკვე გასაგებია ფასის ამბავი. გავეცანი მეც სამხარაულის დასკვნას. თუმცა, დავა რამდენიმე საკითხზე მიმდინარეობს. რაღაც საკითხები ირჩევა სასამართლოში, რაღაც სხვა უწყებებში. თუმცა, გაურკვევლობა წარმოიშვა ფინანსური პოლიციის, ანუ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. რა გაარკვიეთ ამასთან დაკავშირებით, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ვის მიერ იქნა აღძრული საქმე და რა ფაქტთან დაკავშირებით?

    გაგიკვირდებათ და ეს ყველაზე ადვილი დასადგენი იყო. გამოვითხოვეთ კონკრეტული საქმის მიხედვით ინფორმაცია. ფინანსური პოლიციის პასუხის საფუძველზე მარტივად დადგინდა:

    პირველი, ფინანსურ პოლიციაში დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის #092060925001 საქმეზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ ქართული აკადემიის" კუთვნილი თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიების პერიოდი განსაზღვრული იმ დროით, როდესაც ცოლ-ქმარი, ჯანაშია-ცეცხლაძე ბრიტანულ-ქართული აკადემიის მენეჯმენტში იყვნენ და კომპანიისგან დანიშნული ქონდათ ხელფასი, რომელიც წლიურად შეადგენდა 1 000 000 ლარს. ასევე უკვე ცნობილია, რომ გამოძიება ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებულ ფაქტებზეა დაწყებული.

    მეორე, საქმე აღძრულია საქართველოს განათლების ჯგუფის (საქართველოს კაპიტალის) განცხადების საფუძველზე და არა ჯანაშია-ცეცხლაძის მხრიდან

    მესამე, ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმე არ არის აღძრული ფინანსურ პოლიციაში, არადა, ამას ცოლ-ქმარი ჯანაშია-ცეცხლაძე უკვე წლებია ყალბად ამტკიცებს.

    ეს არის 3 უტყუარი, დადასტურებული და დოკუმენტირებული ფაქტი. იცოდეს ყველამ, რომ ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ავრცელებს სიცრუეს და სიყალბეს.

  • - როგორც ვიცი, დავა საქართველოს პარალელურად ბრიტანეთშიც მიმდინარეობს. რა ეტაპზეა სასამართლო პროცესი?

    ვიდრე ბრიტანეთის სასამართლოს საკითხს შევეხები, ერთ საინტერესო ფაქტზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო. 2025 წლის 12 თებერვალს, ანუ ერთი წლის წინ, ბრიტანულ „ტელეგრაფში“, გამოცემის კონტრიბუტორმა, ირაკლი მაჩაიძემ გამოაქვეყნა სტატია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და, მათ შორის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარშემო მიმდინარე დავაზეც გაამახვილა ყურადღება და ჯანაშია-ცეცხლაძის პოზიციაც გაახმოვანა.

    დაზუსტებით ვერ გეტყვით, რამდენად დაკვეთილი იყო ეს სტატია, მაგრამ ფაქტია, რომ „ტელეგრაფმა“ წაშალა სტატია, რომელიც ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ბრალდებებს ეყრდნობოდა, ხოლო ირაკლი მაჩაიძის არცერთი სტატია მას შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ, „ტელეგრაფმა“ ჩათვალა, რომ სტატია ცილისწამებას, გადაუმოწმებელ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა, სხვა შემთხვევაში ასეთ უპრეცედენტო ნაბიჯს „ტელეგრაფი“, რომელიც თავის რეპუტაციას უფრთხილდება, არ გადადგამდა.

    ახლა, რაც შეეხება ბრიტანეთის სასამართლოს. ჩემი თვალით რომ არ მენახა, ჯანაშია-ცეცხლაძის სარჩელი, არ დავიჯერებდი რომ შესაძლებელია პიროვნებების ასეთი გაორება. სარჩელის მოძიება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ის საჯაროა და მისი გამოთხოვა უმარტივესად ხდება.

    რით ვარ გაოგნებული? ამ 2 წლის მანძილზე, არაერთხელ წაგვიკითხავს ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიმართვა ხან ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხან გენერალური პროკურორის მიმართ, ხან შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, სადაც ისინი ერთგულებას ეფიცებიან და ხოტბას ასხამენ არსებულ ხელისუფლებას, თავს წარმოაჩენენ, როგორც წინა რეჟიმისგან დევნილს, დაჩაგრულს და უფლებააყრილს, რომელთაც ნაციონალი გილაური ებრძვის, ხოლო ბრიტანეთის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას რეჟიმად მოიხსენიებენ, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზას, რუსეთისკენ მიდის, რომელიც აკონტროლებს კორუმპირებულ სასამართლო და სახელისუფლებო სისტემას ივანიშვილის ოლიგარქის გილაურის მეშვეობით.

    ანუ რა ვიფიქროთ, რომ მარცხენა ხელით წერენ სარჩელს საქართველოში და მარჯვენა ხელით ბრიტანეთში და არცერთმა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მეორე? თუ საქმე გვაქვს კარგად გააზრებულ სავარაუდო თაღლითობასთან?

    სად არიან მართლები? ბრიტანეთში რომ სარჩელი შეაქვთ, რადგან საქართველოში რუსული რეჟიმის არ სჯერათ და სამართლიანი განაჩენის იმედი არ აქვთ, თუ ნაციონალების გაგდების შემდეგ, საქართველოში ყველაზე სამართლიანი მმართველობა რომ ჩამოყალიბდა ყველაზე სამართლიანი სასამართლო სისტემით და მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების იმედი აქვთ?

    აი, ამაზე კი ნამდვილად საინტერესოა მოვისმინოთ მათი აზრი.

    - რა მიმართულებით აპირებთ კვლევის გაგრძელებას და მონიტორინგს?

    რა მასალაც გავაცანით მსმენელს, განვმეორდები, ყველა იყო ღია წყაროებიდან მოპოვებული. გვინდა დეტალურად ჩავუღრმავდეთ დავის დაფარულ, მაგრამ ძალზედ საინტერესო საკითხებს, მათ შორის, მესამე მხარეები ლობირების თემებს, მათ მოტივაციას და კავშირებს.

    არ გვინდა გამოაშკარავების გარეშე დავტოვოთ ასეთი დეტალები.

    თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, გარკვეული პერიოდულობით მოგაწვდით ანალიტიკურ ინფორმაციას. დიდი მადლობა.