ერთად ჩავანაცვლეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა პიტერ მადიარმა განაცხადა, როდესაც გამარჯვების მიტინგზე თავის მხარდამჭერებს მიმართა.

„გამარჯობა, ჩემო თანამემამულე უნგრელებო, ჩვენ ეს შევძელით! „ტისამ“ და უნგრეთმა არჩევნები მოიგეს. არა მცირე, არამედ ძალიან დიდი უპირატესობით. ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა. გმადლობთ. ამის მიღწევა თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა მადიარმა.

მისი თქმით, დემოკრატიული უნგრეთის ისტორიაში არასდროს ამდენ ადამიანს არ მიუცია ხმა არჩევნებში და „არცერთ სხვა პარტიას არასდროს მიუღია ასეთი დიდი მანდატი“.

მადიარის მტკიცებით, მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

„ჩვენ პარლამენტში ორი მესამედი უმრავლესობა გვექნება“, - აღნიშნა მადიარმა.