აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა რაიმე დადებით შედეგს გამოიღებს.
ამასთან, ტრამპის თქმით, მისი ეკონომიკური გეგმა აშშ-ის დოლარის ღირებულებას გაზრდის.
„ჩვენ ვკარგავდით მილიარდობით დოლარს დღეში და ახლა ვშოულობთ მილიარდობით დოლარს. ეს დიდი განსხვავებაა. ვფიქრობ, საფონდო ბირჟა კარგად მიდის. ჰქონდა პატარა მომენტები, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად გადავჭერი. ძალიან კარგი ვარ ამ საქმეში. ვფიქრობ, დოლარის კურსი აიწევს. დოლარი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, 10%-ი საბაჟო ტარიფის მინიმალური ზღვარია. მისივე თქმით, შესაძლოა, რამდენიმე გამონაკლისი დაუშვას.
„შეიძლება, იყოს რამდენიმე გამონაკლისი აშკარა მიზეზების გამო, მაგრამ ამჟამად ზღვარი 10 პროცენტია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, ჩინური პროდუქციის იმპორტზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, დაწესებული ტარიფების მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, ჩინეთი ამერიკულ კონონაწარმის ყიდვას შეამცირებს, ანუ, ჩინეთი ჰოლივუდური ფილმების იმპორტს ამცირებს.
ბოლო წლებში ადგილობრივმა ფილმებმა შემოსავლებით ჰოლივუდურ პროდუქციას გადაუსწრო. მაგალითად, 2025 წელს გამოსულმა „Ne Zha 2“ Pixar-ის „Inside Out 2“-ს აჯობა და ჩინეთში ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა.
პროდიუსერისა და წიგნების ავტორის, კრის ფენტონის ინფორმაციით, ჰოლივუდის ფილმებზე ჩინეთის კინოთეატრების სალაროების მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 5% მოდის. მისივე განცხადებით, ჰოლივუდის სტუდიების შემოსავალში ჩინეთში ბილეთების გაყიდვით მიღებულ თანხას 25%-იანი წილი უჭირავს.
ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ აზარალა მისივე თანაგუნდელის, ილან მასკის, კომპანია "ტესლაც". ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა გიგანტმა, Tesla-მ, ჩინეთში Model S-ისა და Model X-ის შეკვეთები დროებით შეაჩერა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილან მასკმა ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფები 145%-მდე გაზარდა, ანუ, Tesla-ს მიერ შეკვეთების შეჩერება აშშ-ჩინეთის „სატარიფო ომის“ გავლენის ერთ-ერთი ნიშანია. სხვათა შორის, მასკი წლებია, ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.
მასკი ახლა აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს. ის ტარიფების ზრდის წინააღმდეგია. ილან მასკმა ტრამპის სავაჭრო მრჩეველი პიტერ ნავარო ამის გამო სოციალურ ქსელ X-ზე რამდენჯერმე გააკრიტიკა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა პრეზიდენტ ტრამპს ტარიფების გაუქმება გასულ უქმეებზე პირადადაც სთხოვა.
შეგახსენებთ, ჩინეთმა ამერიკულ საქონელზე ტარიფები 84%-დან 125%-მდე გაზარდა, რომელიც ძალაში 12 აპრილს შევა, იუწყება Bloomberg ჩინეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით. 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.