ჩინეთმა უარყო დონალდ ტრამპის ცნობა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი ტრამპს ტელეფონით ელაპარაკა.
Time-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ სი ძინფინგმა მას დაურეკა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის. შემდგომ ტრამპმა ინტერვიუს შესახებ ჟურნალისტების პასუხად ხელახლა თქვა, რომ ჩინეთის ლიდერს "არაერთხელ ელაპარაკა".
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, კუო ძიაქუნმა ტრამპის ნათქვამი უარყო და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ტარიფების შესახებ საუბრები არ შემდგარა, ხოლო აშშ-ს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
"აშშ-სა და ჩინეთს ტარიფების საკითხზე კონსულტაციები ან მოლაპარაკებები არ ჰქონიათ. აშშ-მ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს". - თქვა ძიაქუნმა.
მიმდინარე კვირის განმავლობაში თეთრმა სახლმა ჩინეთთან დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობაზე მიანიშნა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც ჩინეთმა არაერთხელ უარყო.
აქამდე, CNBC ავრცელებდა ცნობას, რომ ჩინეთმა აშშ-სთან ტარიფებზე მოლაპარაკებების მიმდინარეობა უარყო, მიუხედავად თეთრი სახლის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირების შესაძლებლობა არსებობდა.
"ამჟამად ეკონომიკასა და ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩინეთსა და აშშ-ს შორის აბსოლუტურად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს," - განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს სპიკერმა, ჰე იადონგმა.
მან დაამატა, რომ არცერთი ცნობა ორმხრივ მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩინეთი აშშ-ს ცალმხრივად დაწესებული ტარიფების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
"თუ აშშ-ს ნამდვილად სურს პრობლემის გადაწყვეტა... მან უნდა გააუქმოს ყველა ერთმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ აქვს მიღებული" - განაცხადა ჰემ.
მანამდე, სი ძინფინგი საჯაროდ გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა, ხოლო ჩინეთს არავის დათრგუნვის მცდელობის არ ეშინია.
"სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინ იქნება და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლა იზოლაციას გამოიწვევს. 70 წელზე მეტია, რაც ჩინეთი ყოველთვის დამოკიდებულია თვითკმარობასა და შრომაზე. არასდროს იყო დამოკიდებული ვინმეს საჩუქრებზე და არ ეშინია არავის მიერ არაგონივრული დათრგუნვის მცდელობის" – ამბობს სი.
ჩინეთმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა, რაც ძალაში 12 აპრილს შევიდა.
ცნობისთვის, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული.
წყარო: tabula.ge