თბილისთან ახლოს არაბი ინვესტორი ააშენებს ქალაქს, რომელშიც 850 საფეხბურთო სტადიონი ჩაეტეოდა, გონიოში - მხოლოდ 425. ინვესტორთან გაფორმებული შეთანხმება მთავრობის ბრძანებით კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადდა.

თბილისის შუაგულში, პარლამენტის სასახლის მოპირდაპირედ, შენობაში, სადაც ადრე კინო "რუსთაველი" იყო, არაბული დეველოპერული კომპანიის ახალი ოფისი სიმკაცრესა და ფუფუნებას ასხივებს, კრემისფერ-ოქროსფერ ტონებში, ისევე როგორც Eagle Hills-ისა და Emaare Properties-ის ოფისები აბუ-დაბიში, დუბაისა და სხვა ქალაქებში.

კომპანიას უძრავი ქონების გაყიდვა ჯერ არ დაუწყია. სავარაუდოდ, წლის ბოლოს უკვე შევძლებთ კლიენტებს კონკრეტული წინადადებები შევთავაზოთ, მანამდე კი დაინტერესებულებს ვარეგისტრირებთო, გვითხრეს გაყიდვების ოფისში, რომელიც საზეიმოდ ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა.

წითელი ლენტი საქართველოს ხელისუფლების სახელით "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა გაჭრეს.

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი Eagle Hills-ის დამფუძნებელ მოჰამედ ალაბართან ერთად (ცენტრში). საქართველოს სახელმწიფო გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანიის ქართული შვილობილის აქციონერი გახდა.

22 ოქტომბერს, საზეიმო ცერემონიის მეორე დღეს, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კერძო დეველოპერული კომპანიის, Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა, რომელიც ამავდროულად მსოფლიოში ცნობილი Emaar Properties-ის დამფუძნებელია, ხელი მოაწერეს შეთანხმებას. გაირკვა, რომ სახელმწიფო Eagle Hills-ის შვილობილი კომპანიის 33 პროცენტის მფლობელი გახდა და ერთობლივ პროექტში შავიზღვისპირა გონიოს 260 ჰექტარი მიწითა და თბილისის მიმდებარედ 590 ჰექტარი ტყე-პარკით შევიდა, სადაც მრავალფუნქციური კომპლექსები უნდა აშენდეს. პროექტების საერთო ღირებულება, გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, 6,6 მილიარდი, ზეპირი განცხადებებით კი "6 მილიარდზე მეტი" დოლარი იქნება.

იმავე დღეს „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“, ასევე მათი თანმხლები დოკუმენტაცია, მთავრობის დადგენილებით, კომერციულ საიდუმლოდ - არასაჯარო დოკუმენტად - გამოცხადდა. 22 ოქტომბრის განკარგულებას ხელს „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

ამ სტატიაში გიყვებით არა მარტო Eagle Hills-ის ქართულ საინვესტიციო გეგმებზე, არამედ სხვა ქვეყნების საგულისხმო მაგალითებზე.

Eagle Hills-ი საქართველოში - როგორ იწყებოდა

არაბული კომპანიის ქართულ პროექტზე მითქმა-მოთქმა ჯერ კიდევ იანვარში ატყდა, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კობახიძემ აბუ-დაბიში ვიზიტის დროს ხელი მოაწერა მემორანდუმს არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანიის მიერ საქართველოში ქვეყნისთვის აქამდე არნახული, რეკორდული ინვესტიციის - 6 მილიარდი დოლარის - დაბანდების შესახებ.

ითქვა, რომ მშენებლობა 2026 წელს დაიწყებოდა და, სავარაუდოდ, 5 წელიწადში დასრულდებოდა.

ამავდროულად, არაბული ბიზნესის სიახლეების პლატფორმაზე გამოჩნდა ცნობა, რომ აბუ-დაბის დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი კომერციული და საცხოვრებელი შენობების, "თბილისის სანაპიროს", მშენებლობას დაიწყებდა თბილისთან ახლოს, კრწანისის პარკის 590 ჰექტარზე, რაც ამ ტყე-პარკის ტერიტორიის თითქმის ნახევარია.

კრწანისის ტყე-პარკი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოს 2015 წელს ბობოყვათის რეზიდენციაში გაუცვალა. გარემოს დაცვის სამინისტრომ ადრე რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ უწყება ამ მიწას 2019 წლიდან მართავს და მას ტყის ან დაცული ტერიტორიის სტატუსი არ აქვს.

radiotavisupleba.ge