ჩინეთის ოფიციალური პირები და ავტომწარმოებლები გერმანიაში ქარხნების დახურვის პროცესს აკვირდებიან. განსაკუთრებული ინტერესით Volkswagen-ის ობიექტების მიმართ არის. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს განცხადებით, ქარხნების ყიდვა ჩინეთს საშუალებას მისცემს გავლენა მოახდინოს გერმანიის ძვირფას ავტო ინდუსტრიაზე, სადაც ზოგიერთი უძველესი და პრესტიჟული ავტომობილების ბრენდი იწარმოება.

ჩინურმა კომპანიებმა ევროპის ეკონომიკის სხვადასხვა ინდუსტრიაში ტელეკომუნიკაციებიდან დაწყებული რობოტებით დამთავრებული, ინვესტიციები განახორციელეს. მაგრამ ჩინეთს ევროპაში წარმოებული ტრადიციული მანქანების დამზადება ჯერ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ Mercedes-Benz-ს ჰყავს ორი დიდი ჩინელი აქციონერი.- წერს Reuters-ი.

Volkswagen-ი დიდი ხნის განმავლობაში გერმანიის სამრეწველო სიმდიდრის სიმბოლო იყო, რომელსაც ახლა გლობალური ეკონომიკური შენელება ემუქრება, რაც მოთხოვნას შეამცირებს და რაც, მწვანე ტექნოლოგიებზე გადასვლას იწვევს.

გერმანიაში მანქანების წარმოება და შემდგომ მათი ევროპაში გაყიდვა ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებლებს საშუალებას მისცემს თავი აარიდონ ევროკავშირის ტარიფების გადახდას. (ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომობილებზე ევროპაში განსხვავებული ტარიფებია დაწესებული.) ჩინეთის მიერ ევროპაში ავტომობილების წარმოებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ევროპელი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას.

ჩინეთმა წინადადებები შეიძლება მიიღოს კერძო კომპანიებისგან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიზნესებიდან ან ერთობლივი საწარმოებიდან. ჩინეთის ხელისუფლება იტოვებს უფლებას დაამტკიცოს გარკვეული ინვესტიციები საზღვარგარეთ და, სავარაუდოდ, ჩაერთვება ნებისმიერ შეთავაზებაში პროცესის დასაწყისიდანვე.

გერმანიისა და ჩინეთის ეკონომიკები მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ანგელა მერკელის 16 წლიანი მმართველობის განმავლობაში, რაც ხელს უწყობდა ინვესტიციებს და ექსპორტს გერმანული ავტომწარმოებლებისგან ჩინეთში. მაგრამ ურთიერთობები გაცივდა, რადგან ამჟამინდელი კოალიცია ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა პრეზიდენტ სი ძინპინს "დიქტატორი" უწოდა, ხოლო ჩინეთს მეტოქე.

Volkswagen-ი ხარჯების შემცირების გზებს ეძებს და ამ მიზნით ქარხნების დახურვას განიხილავს. ევროპის უმსხვილესი ავტომწარმოებელი ჩინური კომპანიების მზარდი კონკურენციის პირობებში გაყიდვების ვარდნას განიცდის. რამდენიმე ქარხნის დახურვის სურვილს პროფკავშირების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. შობის წინ კომპანიასა და პროფკავშირებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც 2025 წლიდან წარმოება დრეზდენში გაჩერდება. საუბარია ქარხანაზე, რომელშიც 340 ადამიანია დასაქმებული და რომელიც ელექტრო ID.3-ს აწარმოებს. 2027 წლიდან წარმოება ასევე გაჩერდება ოსნაბრიუკში, სადაც 2 300 თანამშრომელია დასაქმებული. ქარხანა T-Roc Cabrio-ს აწარმოებს.

Volkswagen-ი წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია მზადაა გაყიდოს ოსნაბრიუკის ქარხანა ჩინელ მყიდველზე. ჩინური კომპანიები კი ღელავენ იმაზე, თუ როგორ მიიღებენ მათ გერმანული პროფკავშირები, რომლებიც გერმანული კომპანიების მრჩეველთა საბჭოში ადგილების ნახევარს ფლობენ და გრძელვადიან სამუშაოს გარანტიებს ითხოვენ.