ბუქარესტში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე პროევროპული დემონსტრაცია გაიმართა.
გამარჯვების მოედანზე პრეზიდენტობის კანდიდატის, ბუქარესტის ლიბერალი მერის, ნიკუშორ დანის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაციაზე ნიკუშორ დანმა მომხრეებს სიტყვით მიმართა.
„გიწვევთ ყველა თქვენგანს, იფიქროთ რუმინეთის მოქალაქეებზე, რადგან ჩვენ გვჭირდება ამ ქვეყნის რეკონსტრუქცია. უნდა დავიცვათ იმედი და 19 მაისიდან უნდა გავაერთიანოთ რუმინეთი, მთელი მისი ხალხი, რათა ერთად აღვუდგეთ წინ შიდა და გარე გამოწვევებს“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
პროევროპული დემონსტრაციები გაიმართა რუმინეთის სხვა ქალაქებშიც.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობენ ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერი ჯორჯე სიმიონი, რომელიც პირველ ტურში ხმების 40.94%-ით პირველ ადგილზე გავიდა, და დამოუკიდებელ კანდიდატი, ბუქარესტის ამჟამინდელი მერი ნიკუშორ დანი, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩეველთა 20.99%-მა დაუჭირა მხარი.