ბოსნია-ჰერცეგოვინა დასავლეთ ბალკანეთის ერთ-ერთ უდიდეს ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს. მისი მიზანი ბლოკში გაწევრება და რეგიონის კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა. ქვეყანა გეგმავს არა მხოლოდ გზის აშენებას, არამედ უფრო მჭიდრო კავშირს ევროკავშირთან.
ავტომაგისტრალი ხორვატიის პორტ პლოჩეს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოსა და სამრეწველო ქალაქებთან აკავშირებს.
ამგვარად, ბოსნია-ჰერცეგოვინა აუმჯობესებს ურთიერთობას არა მხოლოდ ბალკანეთის მეზობლებთან, არამედ მთელ რეგიონში უზრუნველყოფს უკეთეს სატრანსპორტო კავშირს ევროპულ ბაზრებთან.
336-კილომეტრიანი ავტომაგისტრალი, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულის მთებს გადაკვეთს, ინჟინრებისთვის დიდი გამოწვევაა. ამასთან, მისი მშენებლობა საკმაოდ ძვირი ჯდება.
პროექტი 23 წლის წინ დაიწყო, გზად ბევრი დაბრკოლება იყო. ევრონიუსი დაინტერესდა, ნამდვილად სჭირდება თუ არა ბოსნია-ჰერცეგოვინას ასეთი დიდი პროექტი და რატომ იხდის პროექტში ამხელა თანხას ევროკავშირი.
ბოსნიას დიდი ხანია სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
ამავდროულად, ბოსნიაში შრომის დაბალი ანაზღაურების გამო იზრდება ევროპული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებენ. თუმცა დაზიანებული გზების გამო ევროპელ მომხმარებლამდე პროდუქციის მიტანას დიდი დრო სჭირდება.
ბოსნიას არ შეუძლია, ამ მასშტაბის პროექტი თავად დააფინანსოს. 870 მილიონი ევრო ევროკავშირის გრანტებითა და იაფი სესხებით იფარება, ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან კი თითო მილიარდი ევროა გამოყოფილი.
ამ სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ სოკოებივით ჩნდება ინდუსტრიული პარკები. ეს კი სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში მუშავდებოდა გეგმა, ჯერ მხოლოდ ნახევარია აშენებული. ახლა მშენებლობის პროცესი დაჩქარდა, ამჟამად შენდება დაახლოებით 60 კილომეტრის სიგრძის გვირაბები, ხიდები და გზის მონაკვეთები.
ბოსნიაში დღეს უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე 20 წლის წინ იყო. ქვეყანამ ევროკავშირის მხარდაჭერით გაატარა რეფორმები, დაიწყო ინფრასტრუქტურისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება. ამასთანავე, რამდენიმე კომპანია, მათ შორის, გლობალური ბაზრის ლიდერი NCMC, რომელიც საწყობების თაროებს აწარმოებს, ცუდი სატრანსპორტო კავშირის გამო ჩივის.
რეგიონს აქვს რკინის დამუშავებისა და წარმოების დიდი ხნის ტრადიცია. მიუხედავად ამისა, ბოსნიაში ძნელია მუშახელის პოვნა, რადგან ბევრი ბოსნიელი ევროკავშირის მაღალანაზღაურებად ქვეყნებშია წასული.
NCMC-ში დასაქმებულია 120 ადგილობრივი. თუმცა მას უფრო მეტი შემდუღებელი და მექანიკოსი სჭირდება. კომპანია ეძებს პროექტის მენეჯერსაც. როგორც ვარაუდობენ, მომავალ წელს კომპანიაში 40 ახალი თანამშრომელი დასაქმდება.
„ჩვენი კომპანია 100%-ით საექსპორტო კომპანიაა. მომავალ წელს ვგეგმავთ საწარმოო ხაზის გაორმაგებას. ახლა 500 სატვირთი გვყავს, მომავალ წელს ვგეგმავთ 1000-ამდე გავზარდოთ ეს რიცხვი“, – ამბობს მიწოდების ქსელის დირექტორი მენსურ პილავი.
ლითონის თაროების მატარებლით გადატანა 10-ჯერ უფრო იაფი ჯდება, მაგრამ ბოსნიის სარკინიგზო ქსელი მოძველებულია. საკმარისი სატვირთო მატარებელი რომ ყოფილიყო, კომპანია რკინიგზას აირჩევდა, მაგრამ რადგან ჯერ მაგისტრალი შენდება, ის სატვირთო მანქანებს იყენებს.
„ძირითადად, ორი გამოწვევის წინაშე ვართ. უმთავრესი პრობლემა დროა, რადგან გზები არ არის კარგ მდგომარეობაში. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ევროკავშირის ნაწილი და ამიტომ ბევრ დროს ვკარგავთ ხორვატიის საზღვარზე, სანამ ევროკავშირში გადავალთ”.
ამ პრობლემებზე საუბრობს სატვირთოს მძღოლი არმინ მევიჩიც. იგი ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრების მომხრეა. მან უკვე ბევრი რამ ნახა, განსაკუთრებით ევროკავშირის გარე საზღვრებზე: „ერთხელ ისეთი ხალხმრავლობა იყო, რომ ბოსნიიდან ევროკავშირში შესასვლელად 24 საათი დაგვჭირდა. ახალი ავტომაგისტრალი ბევრად გაგვიადვილებს საქმეს. მიხარია, რომ ის შენდება. კარგია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინის დიდი ქალაქები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ავტომაგისტრალებით”.
არმინსა და მის კოლეგებს აინტერესებთ, რატომ არ მიმდინარეობს ავტომაგისტრალის მშენებლობა უფრო სწრაფი ტემპით. ამ შეკითხვით ევრონიუსმა სარაევოში ბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციის ხელმძღვანელს ფერდინანდ კიონიგს მიმართა.
„ევროკავშირის გრანტის დამტკიცებიდან შეიძლება ორ წელზე მეტი დასჭირდეს, რომ ეს გრანტი რატიფიცირებული იყოს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. სახელმწიფო ადმინისტრაციაში არსებული პრობლემების გამო გარკვეულ პროცედურებს იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს რეალურად საჭიროა“, – განაცხადა კიონიგმა.
„იმ დროს, როდესაც ქვეყანა წინ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, ყველაფერი კიდევ უფრო უმჯობესდება. ეს ეხება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ კანონის უზენაესობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასაც“.
Euronews: რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა სხვამ არ მიისაკუთროს?
კიონიგი: კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბოსნია-ჰერცეგოვინამ უნდა გააკეთოს, თუ მას ევროკავშირში გაწევრება სურს, მათ შორისაა მამხილებელთა დაცვის გაძლიერება და ანტიკორუფციული კანონმდებლობის მიღება-გატარება.
Euronews: რატომ უნდა დაიხარჯოს ევროპელთა ფული ინფრასტრუქტურის აშენებაში ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რომელიც ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
კიონიგი: ჩვენ გვსურს ამ რეგიონის ევროპის ერთიან ბაზართან ინტეგრირება. ეს, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, დასავლეთ ბალკანეთის განვითარების გეგმის ნაწილია. რაც უფრო მეტი ზრდა იქნება აქ და სხვა რეგიონებში, მით უკეთესი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის მთელ კონტინენტზე. ასე რომ, ეს კარგი ინვესტიციაა.
Euronews: როდის დასრულდება ამ ავტომაგისტრალის მშენებლობა?
კიონიგი: მის დასრულებას ხელისუფლება 2030 წელს გეგმავს.
საეჭვოა, რამდენად მიაღწევენ ამ მიზანს. ბოლოს და ბოლოს, ბოსნია-ჰერცეგოვინა ჯერ კიდევ ორ პოლიტიკურ ერთეულადაა დაყოფილი. შესაბამისად, ეს უფრო პოლიტიკური ნების საკითხია.
თუ ქვეყნის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები, ბოსნიელები, ხორვატები და სერბები ერთად იმუშავებენ, შეძლებენ უკეთესი მომავლისთვის ხიდების აგებასაც და ევროპისკენ მიმავალი გზის გაყვანასაც კი.
წყარო: euronewsgeorgia