საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა. ერთ კვირაში მისი ღირებულება 3%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 80 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 74 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთთვიან პერიოდში ნავთობი ბირჟაზე საშუალოდ 8%-ითაა გაიაფებული.

ერთ თვეში 14%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 63 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

გაიაფების ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 5%-ითაა შემცირებული და ამჟამად მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება 44 ევროს შეადგენს. ერთ წელიწადში გაზი 65%-ითაა გაიაფებული.

ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებით OPEC-ის გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. ინვესტორები შიშობენ, რომ OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის გარკვეული განხეთქილებაა და მათ მიწოდების საკითხზე შეთანხმების მიღწევა უჭირთ, რადგან შეხვედრა გადაიდო.