ბერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასასრულს უახლოვდება.

მთავარი კონკურსის ჟიურიმ, რომელსაც კინორეჟისორი ვიმ ვენდერსი ხელმძღვანელობს, „ოქროს დათვით“ დააჯილდოვა ილქერ ჩათაქის ფილმი „ყვითელი წერილები“.

ფილმის მთავარი გმირები, ანკარელი ცოლ-ქმარი, ბედნიერ ცხოვრებას ეწევიან მანამ, სანამ ყველაფერს არ შეცვლის მათი ახალი პიესის პრემიერაზე მომხდარი ინციდენტი. ისინი უცებ იქცევიან სახელმწიფოს სამიზნედ და კარგავენ სამსახურსა და სახლს.

საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ერგო ბრიტანელ გრანტ ჯის. მისი ფილმი „ყველას მოსწონს ბილ ევანსი“ ასახავს ცხოვრების რთულ პერიოდებს ჯაზის ცნობილი მუსიკოსისა, რომელიც ჰეროინზე დამოკიდებულებით იტანჯება და საყვარელი ადამიანების სიკვდილს გლოვობს.

მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო, „ვერცხლის დათვი“, მიიღო სანდრა ჰიულერმა, რომელმაც მარკუს შლაინცერის ფილმში „როზე“ ითამაშა ქალი, რომელიც ჯარისკაცად ასაღებს თავს და რომელიც გლეხ გოგონაზე ქორწინდება.

ფესტივალის განმავლობაში გაგრძელდა დისკუსია, რომელიც გამოიწვია ვიმ ვენდერსის შენიშვნებმა, რომელმაც უარი თქვა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შესახებ ცალსახა განცხადების გაკეთებაზე.

დაჯილდოების ცერემონიამდე ბერლინალეს დირექტორმა ტრიშა ტატლმა სპეციალური განცხადება გააკეთა:

„ეს ბერლინალე გაიმართა ისეთ მსოფლიოში, რომელიც ძალიან მტკივნეული და ფრაგმენტულია. ბევრი ადამიანი მწუხარებით, ბრაზითა და შფოთვით მოვიდა იმის გამო, რაც ამ კინოთეატრების კედლებს მიღმა, შორს ხდება. ეს გრძნობები რეალურია. ისინი ჩვენს თანამეგობრობას განეკუთვნება. ჩვენ ისინი გვესმის. წელს ჩვენ ასევე შევხვდით საჯარო გამოწვევებს. ეს გარდაუვალია, როდესაც გამოჩენილი კულტურული ინსტიტუტი ხარ პოლარიზებულ მომენტში. კრიტიკა დემოკრატიის ნაწილია. ისევე, როგორც განსხვავებული აზრი. ჩვენ პატივს ვცემთ მათ, ვინც აზრს გამოთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით ჩვენ წინააღმდეგ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას. აი, რით ვამაყობ. ამ ათი დღის განმავლობაში ბერლინალე ისეთი დარჩა, როგორადაც იყო ჩაფიქრებული. ადგილად, სადაც ადამიანები საჯაროდ იკრიბებიან, სადაც ყველას მიესალმებიან განსხვავებების მიუხედავად, სადაც შეგიძლიათ ერთად დასხდეთ სიბნელეში და სამყარო სხვების თვალით დაინახოთ. 278 ფილმი 80 ქვეყნიდან. კინორეჟისორები, რომლებიც სერიოზულ რისკზე წავიდნენ, რათა მოეყოლათ თავიანთი ამბები. აქ არის ფილმები ძალადობაზე, უსამართლობაზე, ხსოვნასა და გადარჩენაზე, ასევე ხელოვნებაზე, სიყვარულსა და მეგობრობაზე. ბერლინალეზე გამოხატვის თავისუფლება არ არის მხოლოდ ერთი ხმა. ეს მრავალი ხმაა. ზოგჯერ სიმშვიდეა. ზოგჯერ ბრაზი. ზოგჯერ სიჩუმე სუფევს, მაგრამ სინამდვილეში ეს კინემატოგრაფის ხმაა. ეს ხმები შეიძლება წინააღმდეგობრივი იყოს. ფესტივალი გლობალურ კონფლიქტებს არ წყვეტს. მაგრამ მას შეუძლია შექმნას სივრცე კომპლექსურობის, ურთიერთგაგებისა და ჰუმანიზაციისთვის“.

www.radiotavisupleba.ge