გამოცემა The New York Times სატელიტურ გამოსახულებებსა და ფრენების მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ცენტრალურ იორდანიაში მდებარე მუვაფაკ ალ-სალტის სახელობის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელსაც აშშ იყენებს, ჩვეულზე დაახლოებით სამჯერ მეტი, 60-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი არის განლაგებული. NYT-ის თანახმად, ეს ბაზა აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის ირანზე შესაძლო იერიშის დაგეგმვისთვის "საკვანძო ცენტრად" იქცა.

გამოცემა ანონიმურ იორდანიელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზაზე ამერიკული თვითმფრინავები და აღჭურვილობა აშშ-სთან თავდაცვის შეთანხმების ფარგლებში იგზავნება.

გამოცემა ფრენათა მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზაზე გასული კვირის განმავლობაში, სულ მცირე, 68 სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა და აღნიშნავს, რომ ანგრებში შესაძლოა კიდევ უფრო მეტი მოიერიშე თვითმფრინავი იყოს განლაგებული.

NYT-ის მიხედვით, სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ ბაზაზე ჩვეულზე უფრო თანამედროვე ავიატექნიკა შეინიშნება, მათ შორის, F-35 ტიპის სტელსის ავიაგამანადგურებლები. ამასთან, გამოცემა წერს, რომ სამხედროებმა ირანული რაკეტებისგან დასაცავად ბაზაზე ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსეს.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზეა იმ ფონზე, როცა ირანის რეჟიმის მხრიდან 28 დეკემბერს დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის შემდეგ აშშ-მ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.

WSJ-ს შეფასებით, აშშ-ს მიერ რეგიონში გაგზავნილი საჰაერო ძალები 2003 წლის ერაყის ომის შემდგომ ყველაზე მასშტაბურია. 

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის სამხედრო იერიშის მიტანას განიხილავს, რათა ხამენეის რეჟიმს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად აშშ-ს პირობებზე დათანხმება აიძულოს.

WSJ წერს, რომ სრულმასშტაბიანი თავდასხმის ნაცვლად, რასაც შესაძლოა ირანის მხრიდან, სერიოზული საპასუხო ქმედებები მოჰყვეს, თეთრი სახლი პირველ ეტაპზე მხოლოდ ლიმიტირებულ თავდასხმას განიხილავს, რათა თეირანზე წნეხი გაიზარდოს. 

ტრამპმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიიღებს, მოგვიანებით კი რეპორტიორებს უთხრა, რომ მაქსიმალური ვადა ორი კვირაა. "ამა თუ იმ გზით შეთანხმებას მივაღწევთ," აღნიშნა მან.

20 თებერვალს ტრამპმა თქვა, რომ "ირანში დროის შედარებით მოკლე პერიოდში 32 000 ადამიანი მოკლეს" და დაამატა, რომ "ირანის მოსახლეობა ბევრად განსხვავდება ირანის ლიდერებისგან."

დეკემბრის მიწურულს ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის ასობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა, თუმცა, მალევე პროტესტი რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზარდა, ხოლო რეჟიმმა აქციების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახშობა დაიწყო. 

tabula.ge