პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უნგრეთის მხრიდან ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის დაბლოკვას ეხმაურება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტუსკი ასევე ახსენებს ოპოზიციური პარტიის -„კანონი და სამართლიანობა“- უარს ევროპული თავდაცვის გაძლიერების გეგმის მხარდაჭერაზე, რომელიც პოლონეთის გადაიარაღებისთვის 40 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას ითვალისწინებს.

„პრემიერ-მინისტრმა ორბანმა უკრაინისთვის ევროპული დახმარება დაბლოკა, ხოლო კაჩინსკი ცდილობს დაბლოკოს SAFE, რომელიც თავდაცვისა და პოლონეთის თავდაცვის ინდუსტრიის დაფინანსების საშუალებას წარმოადგენს. გამოიცანით, ვის უხარია ეს“, - წერს ტუსკი.

შეგახსენებთ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გუშინ განაცხადა, რომ უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა.

„ჩვენ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვბლოკავთ იქამდე, ვიდრე უნგრეთში „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდება არ აღდგება“, - დაწერა სიიარტომ X-ზე.

www.interpressnews.ge