სააღდგომოდ შოკოლადის ტკბილეულისადმი გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, კაკაოს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რამაც შესაძლოა შოკოლადის წარმოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
ტემპერატურის მატებამ და ამინდის პირობებმა დასავლეთ აფრიკაში, სადაც კაკაოს მსოფლიო მარაგის 70%-ზე მეტს აწარმოებენ, მოსავლიანობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
გახანგრძლივებული წვიმის სეზონები ხეებზე სოკოებისა და სხვა სასიკვდილო პარაზიტების გავრცელებას იწვევს. ხოლო, იმის გამო, რომ პროცესი არაპროგნოზირებადია, ფერმერებს გამოწვევებთან გამკლავება უჭირთ.
სწორედ ამიტომ, 2024 წლის დასაწყისიდან მოყოლებული კაკაოს ფასები გაორმაგდა, რომლისგანაც შოკოლადი და სხვა საკვები მზადდება. ამასთან, იზრდება შაქრის ღირებულებაც.
ბრიუსელის ქუჩებში სააღდგომო ტკბილეულის საყიდლად გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ ფასების ზრდა შენიშნეს, თუმცა წინასააღდგომო საყიდლებზე სიარულს ჩვეულებრივ განაგრძობენ.
„სადღესასწაულო კვერცხები სახალისოდ უნდა გამოიყურებოდეს. ამიტომ ჩვენ შევიძინეთ კვერცხები კარამელის გემოთი და ასევე კურდღლის ფორმით. ჩვენ ცხობა გვიყვარს და ვფიქრობ, შოკოლადს უფრო მეტად ამ მიზნით ვიყენებთ და არა უბრალოდ დასაგემოვნებლად. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ფუფუნებაა, მაგრამ ზოგადად ფასების ზრდასთან ერთად შოკოლადის ღირებულებაც იწევს“, – ჰყვება ელისაბეთ ბლონდელი.
„ძვირია, მაგრამ ვფიქრობ, ამჯერად ღირს – ბელგიის გემოს შესაგრძნობად“, – ამბობს უილიამ ჰერნანდეზი.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სირთულეების გამო ფერმერები კაკაოს ნაცვლად სხვა კულტურების მოყვანაზე გადადიან, რაც ამცირებს კაკაოს მარაგს და შესაბამისად, ზრდის ფასს.
ამიტომ კაკაოს მეურნეობას მომგებიან ბიზნესად სულ უფრო ნაკლები ფერმერი მიიჩნევს, თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს ჩართულობა, აჩენს იმედს, რომ პრობლემა ახლო მომავალში გადაიჭრება.
წყარო: euronews georgia