აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი "სამართლის ზომას" მოუტანს ჯგუფის მსხვერპლთ. ნასრალა 27 სექტემბერს, ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ჰეზბოლა გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ორგანიზაციის ვეტერანი ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულ იქნა 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად.

ბაიდენის თქმით, ნასრალას ლიკვიდაციის ოპერაცია განხორციელდა უფრო ფართო კონტექსტში - კონფლიქტის, რომელიც დაიწყო აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მხრიდან ისრაელზე მიტანილი სისხლიანი იერიშით 2023 წლის 7 ოქტომბერს.

"ნასრალამ შემდეგ დღეს მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება ძალები ჰამასთან გაეერთიანებინა და ისრაელის წინააღმდეგ გაეხსნა მისი თქმით 'ჩრდილოეთის ფრონტი'" - ამბობს ბაიდენი განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნასრალას ხელმძღვანელობის პირობებში ჰეზბოლას კისერზეა ათასობით ამერიკელის, ისრაელელის და ლიბანელის სიკვდილი.

პარალელურად, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა თქვა, რომ "ღრმად შეშფოთებულია" ლიბანში ვითარების "დრამატული ესკალაციით" ბოლო 24 საათის განმავლობაში.

გაეროს პრესმდივნის თქმით, გუტერეში თვლის, რომ "ძალადობის ციკლი ახლა უნდა დასრულდეს. ლიბანის ხალხი, ისრაელის ხალხი, ისევე, როგორც მთელი რეგიონი ვერ დაუშვებენ სრულმასშტაბიან ომს".

ირანი და მისი მოკავშირეები ისრაელის თავდასხმას გმობენ.

ნასრალას მოკვლა დაგმო მოსკოვმაც - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს უწოდა "კიდევ ერთი პოლიტიკური მკვლელობა".

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ტერორისტული დაჯგუფების, ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობისთვის შურს იძიებენ და მის გზას ისრაელთან მებრძოლი სხვა ტერორისტები გააგრძელებენ.

გარდა ამისა, აიათოლამ ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ მან სატელევიზიო გამოსვლისას ისაუბრა.

„ნასრალა არ იყო ცალკეული პიროვნება. ის იყო გზა და აზროვნების მოძღვრება და ეს გზა გაგრძელდება. [...] მარტვილის სისხლი შურისძიების გარეშე არ დარჩება“. - თქვა ხამენეიმ.

ამასთან, ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერმა, ნასერ კანაანიმ X-ზე დაწერა, რომ ნასრალას „გზა გაგრძელდება და მისი წმინდა მიზანი იერუსალიმის გათავისუფლებით ასრულდება“.

ცნობისთვის, 28 სექტემბერს ისრაელმა საჰაერო იერიშის დროს ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.

ირანული მედიის ცნობით, ნასრალასთან ერთად იერიშის შედეგად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურის მოადგილე, გენერალი აბას ნილფორუშანიც მოკვდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ნასრალას სიკვდილის დადასტურების შემდეგ აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის შიგნით უსაფრთხო ლოკაციაზე გადაიყვანეს, სადაც "უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული".

27 სექტემბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის მთავარ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, დაჯგუფების ცენტრი ჰეზბოლას სიმაგრედ ცნობილ დაჰიეს უბანში, სამოქალაქო შენობების ქვეშ იყო გამართული.

როგორც შემდგომში გაირკვა, ბეირუთში ისრაელის დარტყმების სამიზნე ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო.

წყარო: რადიო თავისუფლება,   ტაბულა