„აზერბაიჯანი არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი“ ,– როგორც APA იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასის მიღებისას განაცხადა.

გამოცემის ცნობით, ალიევმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთის გაზსადენის კორიდორის მნიშვნელოვან როლზე ევროპის გაზმომარაგებაში.

ალიევის განცხადებითვე, აზერბაიჯანი დღეს უკვე 10 ევროპულ ქვეყანას აწვდის გაზს, მათ შორის ევროკავშირის 8 წევრ ქვეყანას.

მისივე თქმით, მიწოდებების გეოგრაფიული არეალით აზერბაიჯანი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის გაზით მომარაგებას.

ცნობისთვის გაზის სამხრეთ დერეფანი საქართველოზე გადის. ესაა შაჰდენიზის გაზსადენი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ანუ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის სახელითაა ცნობილი.  ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი შაჰდენიზის გაზის ბაქნის აზერბაიჯანის სექტორიდან საქართველოს გავლით თურქეთში მიდის. 

გაზსადენის დიამეტრი 42 დიუმია, მისი სიგრძე 970 კმ-ია (442 კმ აზერბაიჯანში, 248 კმ საქართველოში და 280 კმ ქართულ-თურქულ საზღვარზე ერზრუმამდე გადის), ხოლო წლიური გამტარობა 16 მილიარდი კუბური მეტრი. თითოეული მილის სიგრძე 11.5 მ.

გაზსადენის პირველადი დანიშნულება თურქეთისა და საქართველოსთვის გაზის მიწოდებაა. როგორც ტრანზიტული სახელმწიფო საქართველო წლიური გაზის გამტარობიდან 5%-ს იტოვებს ტარიფის სახით და ასევე შეუძლია 0,5 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინოს ყოველწლიურად ფასდაკლებით. 

წყარო: "ნეტგაზეთი"