აშშ რუსული ბუნებრივი გაზის უკრაინის გავლით ევროპაში მიწოდების აღდგენის ინიციატივით გამოდის, თუმცა წინადადებას ევროპული მთავრობების წინააღმდეგობა ხვდება. გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ინიციატივა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება.

WSJ-ის ცნობით, წინადადება ამერიკელმა წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, სექტემბერში მოსკოვსა და კიევში ვიზიტებისას წამოაყენეს. იდეა რუსული გაზის ამერიკელი შუამავლის მეშვეობით გაყიდვას ითვალისწინებს, რაც, გამოცემის წყაროების შეფასებით, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას შექმნიდა. ვაშინგტონის აზრით, ევროპულ ბაზარზე დაბრუნება ვლადიმირ პუტინისთვის თავდასხმების შეწყვეტის მნიშვნელოვანი სტიმული იქნებოდა, უკრაინა კი ტრანზიტიდან შემოსავალს მიიღებდა.

ამერიკელი მომლაპარაკებლები ასევე განიხილავენ გაზის გაყიდვიდან მიღებული თანხის მესამე ქვეყანაში, სპეციალურ ესქრო ანგარიშზე განთავსებას, რათა რუსეთმა ეს შემოსავალი ომის დასაფინანსებლად ვერ გამოიყენოს. თუმცა ევროპელი ლიდერები ენერგეტიკული დამოკიდებულების აღდგენის წინააღმდეგ გამოდიან. ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობა რუსული გაზის იმპორტის 2027 წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენა თითქმის დაუყოვნებლივ იქნებოდა შესაძლებელი. ამ მარშრუტით მიწოდება 2025 წლის იანვარში შეწყდა. ვაშინგტონი უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში Nord Stream-ის მილსადენების აღდგენასაც განიხილავს, თუმცა მათი ამოქმედება გაცილებით მეტ დროსა და პოლიტიკურ შეთანხმებას მოითხოვს.