აშშ-ში მძღოლების უმრავლესობა სიჩქარეს პერიოდულად მაინც აჭარბებს, ხოლო მნიშვნელოვანი ნაწილი მცირე გადაჭარბებას ჩვეულებრივ და მისაღებ ქცევად აღიქვამს. ამის შესახებ AAA Foundation for Traffic Safety-ის ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევა 16 ათასზე მეტი ლიცენზირებული ამერიკელი მძღოლის გამოკითხვას და 58 მძღოლთან ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებს ეფუძნება. შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 79% ამბობს, რომ სიჩქარეს გარკვეული სიხშირით აჭარბებს. მათგან 34% ამას იშვიათად აკეთებს, 30% ხანდახან, 15% კი ხშირად. მხოლოდ 21%-მა განაცხადა, რომ სიჩქარის ლიმიტს საერთოდ არ აჭარბებს.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნაა, რომ მძღოლების ნაწილისთვის კანონით განსაზღვრული ლიმიტი და პირადი წარმოდგენა „რეალურ სიჩქარის გადაჭარბებაზე“ ერთმანეთს არ ემთხვევა. ბევრ მონაწილეს დაახლოებით 10 მილი საათში, ანუ დაახლოებით 16 კმ/სთ-ით ლიმიტზე სწრაფად მოძრაობა მისაღებად მიაჩნია. თითქმის ნახევარი კი ფიქრობს, რომ ზოგ შემთხვევაში მოძრაობის საერთო ნაკადის სიჩქარის მიყოლა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ზუსტად დადგენილი ლიმიტით მოძრაობა.
სიჩქარის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ნელა მოძრავი ავტომობილების გასწრება დასახელდა, ეს პასუხი რესპონდენტების 31%-მა აირჩია. 25% დანიშნულების ადგილზე უფრო სწრაფად მისვლას ასახელებს, ხოლო 21% ამბობს, რომ სურს მოძრაობის ნაკადი არ შეაფერხოს.
სიჩქარის შემცირების მთავარი მოტივაცია კი ჯარიმის თავიდან აცილებაა, რაც მონაწილეთა 79%-მა დაასახელა. 72% ავარიის რისკის შემცირებას, ხოლო 60% ცუდ ამინდს ასახელებს.
მძღოლები მკაცრ კონტროლსაც დიდწილად მხარს უჭერენ. 87% ემხრობა პოლიციის პატრულირების გაძლიერებას იმ ადგილებში, სადაც სიჩქარესთან დაკავშირებული ავარიები ხშირად ხდება, დაახლოებით 70% კი სიჩქარის ავტომატურ კამერებს უჭერს მხარს. ამასთან, მხარდაჭერა მცირდება იმ ზომების მიმართ, რომლებიც მძღოლს არჩევანს უზღუდავს, მაგალითად ავტომობილის სიჩქარის ავტომატური შეზღუდვის სისტემების შემთხვევაში.
კვლევის მნიშვნელობას აშშ-ის ოფიციალური საგზაო სტატისტიკაც აძლიერებს. NHTSA-ს მონაცემებით, 2024 წელს სიჩქარესთან დაკავშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებში 11 288 ადამიანი დაიღუპა. ეს ქვეყანაში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული ყველა სიკვდილის 29%-ს შეადგენდა. იმავე წელს ასეთ შემთხვევებში დაახლოებით 316 757 ადამიანი დაშავდა.
AAA Foundation-ის შეფასებით, პრობლემა მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები აღარ არის. როდესაც მძღოლები გარშემო მოძრავი ავტომობილების სიჩქარეს იღებენ ორიენტირად და არა საგზაო ნიშნებს, სიჩქარის გადაჭარბება თანდათან სოციალურ ნორმად ყალიბდება, რაც უსაფრთხოების პოლიტიკის ეფექტიანობასაც ართულებს.
კვლევის ცალკე ბიუჯეტი საჯაროდ არ არის მითითებული. ანგარიშის თანახმად, მისი დაფინანსება AAA-სა და Canadian Automobile Association-თან დაკავშირებული საავტომობილო კლუბების, ინდივიდუალური წევრების, AAA-სთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანებით განხორციელდა.
წყაროები:
AAA, კვლევის ოფიციალური მიმოხილვა:
https://newsroom.aaa.com/2026/08/new-research-finds-most-drivers-think-speeding-is-normal-putting-everyone-at-risk/
AAA Foundation for Traffic Safety, სრული 196-გვერდიანი კვლევა:
https://newsroom.aaa.com/wp-content/uploads/2026/08/51216_Technical-Report_Attitudes-Toward-Speeding-8-17.pdf
NHTSA, 2024 წლის სიჩქარესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მონაცემები:
https://www.nhtsa.gov/campaign/speeding-catches-up-with-you
NHTSA, სიჩქარის გადაჭარბების ოფიციალური სტატისტიკა და რისკები:
https://www.nhtsa.gov/risky-driving/speeding