ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად მორიგი ფინანსური პაკეტი დაამტკიცა. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ფინანსური პაკეტის  მთლიანი ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარია. ჯო ბაიდენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა ხელს შეუწყობს უკრაინას, უკეთ დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

დახმარების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. ესაა 1.25 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება და 1.22 მილიარდი დოლარის დახმარება უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის პაკეტისთვის. სამხედრო დახმარების ნაწილში პაკეტი მოიცავს ისეთი სისტემებით მომარაგებას, როგორებიცაა დრონების საწინააღმდეგო საშუალებები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ჰაიმარსის რაკეტები, საარტილერიო ჭურვები, ჯაველინები და სხვა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები.

„მე მივმართე  ჩემს ადმინისტრაციას, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოვუჩინოთ მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინას. გადავცეთ ამერიკული აღჭურვილობა და ეს ბრძოლის ველზე სწრაფად მივიდეს, ასევე რომ აღდგეს აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა იმ მიზნით, რომ მოხდეს ჩვენი შეიარაღების მოდერნიზება“, – აღნიშნავს ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებულ გაცხადებაში.

ევრონიუს ჯორჯია