ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ხმა მისცა რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ახსენებს.
ლუქსემბურგისა და ლიეტუვის მიერ ინიციირებული 12-გვერდიანი რეზოლუცია გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება რუსეთის სტატუსს, რომელიც 2022 წლის მარტიდან აღარაა ევროპის საბჭოს წევრი. რეზოლუცია ორჯერ — პრეამბულაში და ძირითად ტექსტში — მიუთითებს რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან, პრეამბულაში საუბარია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე.
კერძოდ, რეზოლუციით, გაეროს გენერალური ასამბლეა „აღიარებს, რომ უპრეცედენტო გამოწვევები, რომლის წინაშეც ევროპა დადგა უკრაინის და მანამდე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიით“ და ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებით, მოითხოვს გაეროსა და ევროსაბჭოს შორის გაძლიერებულ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის, ჰუმანიტარული სამართლის აღსრულების, დაზარალებულთა კომპენსაციისა და პასუხისმგებელ პირთა დასჯის მიმართულებებით.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 105-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რომელიც რეზოლუციის თანაავტორია.
რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა 9 ქვეყანამ: აშშ, რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, ნიგერი, სუდანი, ერიტრეა, მალი.
აშშ-ის ელჩმა გაეროში ჯონათან შრიერმა განმარტა, რომ რეზოლუცია „იმეორებს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ განცხადებებს, რომლებიც, შეერთებული შტატების აზრით, არ ეხმარება მშვიდობის მიღწევის მიზანს“.
შეერთებული შტატები ასევე გმობს მიგრაციისა და ლტოლვილების შესახებ გლობალურ შეთანხმებებს, რომლებზეც რეზოლუცია მიუთითებს და ამბობს, რომ ისინი ეწინააღმდეგება აშშ-ის პოლიტიკას.
კიდევ ერთი შეშფოთება, რაც შეერთებულ შტატებს რეზოლუციასთან დაკავშირებით აქვს, 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ხელახალი დადასტურებაა.
„დაბოლოს, ამ ტექსტში ხშირია მითითებები დემოკრატიისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაზე. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ვისაუბროთ დემოკრატიულ ღირებულებებზე, არამედ მათით ვიცხოვროთ. ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ, რომელიც მხარს უჭერს ამ ტექსტს, დათრგუნა შინ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც არ ეთანხმებიან. იდეოლოგიური განსხვავებები უნდა გადაწყდეს საარჩევნო ყუთთან და არა — სასამართლო დარბაზში“, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხზე გაეროს რეზოლუციის კენჭისყრისას შეერთებული შტატები ჯგუფდება რუსეთთან, ბელარუსთან და ჩრდილო კორეასთან ერთად.
24 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 93 ხმით მიიღო უკრაინის და ევროპული ქვეყნების ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. 18-მა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ბელარუსმა, რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. საქართველომ „ცარიელი სკამი“ დატოვა და კენჭისყრას არ დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში იყო და ახლაც დარჩა აღნიშნული რეზოლუციის თანასპონსორად.
აშშ-მა მაშინ წარადგინა ალტერნატიული რეზოლუცია, რომელსაც თანასპონსორობა გაუწიეს საქართველომ, ალბანეთმა, უნგრეთმა, არგენტინამ, ისრაელმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ. თუმცა ევროპულმა სახელმწიფოებმა რეზოლუციაში შეიტანეს ცვლილებები, რომლითაც ხაზი გაუსვეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსულ აგრესიას, ასევე მოუწოდეს „სამართლიანი, მდგრადი და სრულფასოვანი“ მშვიდობისკენ. შესწორებების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. ანალოგიურად მოიქცა საქართველოც.
წტარო: netgazeti.ge