აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი "აღარასდროს ჩაკეტავს" ჰორმუზის სრუტეს. მანვე დაამატა, რომ ირანთან პოტენციური შეთანხმების ფარგლებში აშშ ირანიდან ბირთვულ მასალასაც გამოიტანს.

"ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასდროს ჩაკეტავენ. მას აღარასდროს გამოიყენებენ იარაღად მსოფლიოს წინააღმდეგ." – დაწერა ტრამპმა მას შემდეგ, რაც ირანმა ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის "სრულად გახსნილად" გამოაცხადა. ტრამპი ასევე წერს, რომ ირანი აშშ-ს სრუტის წყალქვეშა ნაღმებისგან გაწმენდაშიც დაეხმარება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბრისას განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევას მომდევნო "ერთ-ორ დღეში" მოელის. მისივე თქმით, აშშ-სა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას შეხვდებიან.

"ირანელებს შეხვედრა უნდათ. მათ შეთანხმების დადება სურთ. ვფიქრობ, შეხვედრა შაბათ-კვირას გაიმართება. ჩემი აზრით, შეთანხმებას შემდეგ 1-2 დღეში მივაღწევთ." – თქვა მან ინტერვიუში.

ამას გარდა, Axios-ს რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და წყაროებმა აცნობეს, რომ თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ახლა სამგვერდიანი სამშვიდობო გეგმის დოკუმენტზე მუშაობენ, თუმცა, ძირითად საკითხებზე მხარეებს მაინც განსხვავებული პოზიციები აქვთ.

ამ ფონზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Reuters-ს უთხრა, რომ ამერიკა ირანიდან გამდიდრებულ ურანს გამოიტანს და აშშ-ში წაიღებს.

"ჩვენ ირანში შევალთ, სასიამოვნო, მშვიდი ტემპით, და დიდი ტექნიკით ამოთხრას დავიწყებთ... მას [გამდიდრებულ ურანს] აშშ-ში ჩავიტანთ," აღნიშნა ტრამპმა გამოცემასთან სატელეფონო ინტერვიუში.

ამასთან, Bloomberg-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ირანი ბირთვული პროგრამის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე დათანხმდა, ხოლო ამის სანაცვლოდ თეირანი არანაირ გაყინულ თანხებს არ მიიღებს.

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი "აღარასდროს ჩაკეტავს" ჰორმუზის სრუტეს. 

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში სამგვერდიანი გეგმის დოკუმენტი მუშავდება, რის ფარგლებშიც განიხილება შესაძლებლობა, რომ გამდიდრებული ურანის მარაგების დათმობის სანაცვლოდ, აშშ ირანს 20 მილიარდ დოლარამდე გაყინულ სახსრებს გაუთავისუფლებს.

Axios-ის წყაროების თანახმად, მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე აშშ მზად იყო ირანისთვის 6 მილიარდი დოლარი გამოეყო, რაც საკვების, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებების შესაძენად იქნებოდა გამოყენებული. ირანმა კი 27 მილიარდი დოლარი მოითხოვა.

გამოცემის მიხედვით, ამჟამად აშშ-სა და ირანს შორის ბოლოს დასახელებული თანხა 20 მილიარდი დოლარს შეადგენს. Axios-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ეს აშშ-ის წინადადებაა. მეორე მაღალჩინოსანი კი გამოცემასთან აღნიშნავს, რომ "ფული ურანის სანაცვლოდ" მრავალი განხილული ვარიანტიდან მხოლოდ ერთ-ერთია.

ამასთან ერთად, Axios-ის ცნობით, აშშ ირანს სთხოვდა, რომ მთელი მისი ბირთვული მასალა აშშ-ში გაეგზავნა, თუმცა ირანი მის გაზავებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე დათანხმდა.

გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად განხილული წინადადების მიხედვით, მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილი შესაძლოა მესამე ქვეყანაში გადაიგზავნოს (და არა აუცილებლად აშშ-ში), ხოლო ნაწილი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ ირანში გაზავდეს.

Axios იუწყება, რომ დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ბირთვული გამდიდრების "ნებაყოფლობით" მორატორიუმს. ამერიკამ 20-წლიანი ვადა მოითხოვა, ირანმა 5 წელი შესთავაზა. ირანი ასევე შეინარჩუნებს სამედიცინო იზოტოპების წარმოების რეაქტორებს, თუმცა ყველა ბირთვული ობიექტი ზედაპირზე უნდა განთავსდეს, მიწისქვეშა ობიექტები მუშაობას შეწყვეტენ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 16 აპრილს განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა როგორც ბირთვულ იარაღზე უარის თქმას, ასევე აშშ-ისრაელის მიერ ირანში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, მიწისქვეშ ღრმად დამარხული ბირთვული "მტვერის" დაბრუნებას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და ისინი ამას დათანხმდნენ. ირანი ამას დაეთანხმა.

ისინი ასევე დაგვთანხმდნენ, რომ დაგვიბრუნებენ (B-2 ბომბდამშენების მიერ) ღრმად დამარხულ ბირთვულ "მტვერს". ასე რომ, ჩვენ ირანთან ბევრი შეთანხმება გვაქვს და ვფიქრობ, რაღაც მოხდება". - თქვა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.

tabula.ge