ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის ყველაზე ინოვაციური მსხვილი კომპანიების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სულ 100 კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც გამოცემამ ათზე მეტი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა, მათ შორისაა: კვლევასა და განვითარებაში (R&D) ინვესტიციები, პატენტები და ინტელექტუალური საკუთრება, ინვესტორების ნდობა, კაპიტალზე უკუგება და კომპანიის შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელში გამოხმაურებები.
რეიტინგის შესადგენად Forbes-მა S&P 500-ში შემავალი ყველა კომპანია გააანალიზა, საბოლოო სიაში კი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე 100 კომპანია მოხვდა.
ამერიკის ყველაზე ინოვაციური მსხვილი კომპანიების რეიტინგში პირველ ადგილს ფარმაცევტული გიგანტი Eli Lilly იკავებს. მას სიაში Apple-ი და Nvidia მოსდევს. მეოთხე ადგილზე ბიოტექნოლოგიური კომპანია Amgen-ია, ხოლო მეხუთეზე – Meta. რეიტინგში ჯეფ ბეზოსის Amazon-ი მეექვსე პოზიციას სჯერდება.
Eli Lilly-ის პირველ პოზიციაზე მოხვედრა, Forbes-ის შეფასებით, კომპანიის მიერ ახალი მედიკამენტების შექმნის მასშტაბებმა და სწრაფმა ტემპმა განაპირობა. ამერიკული ფარმაცევტული ფირმა GLP-1-კლასის პრეპარატებს აწარმოებს, მათ შორის წონის კლებისთვის განკუთვნილ Mounjaro-სა და Zepbound-ს. Eli Lilly ასევე მუშაობს ალცჰაიმერის, კიბოსა და შაკიკის სამკურნალო ახალ თერაპიებზე.
Eli Lilly-ის წარმატება ინვესტორების მხრიდან გაზრდილ ინტერესშიც გამოიხატება. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 79%-ითაა გაზრდილი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $1.17 ტრილიონს უახლოვდება.
რეიტინგში მეექვსე ადგილზე მყოფი Amazon-ის ინოვაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად არსებული ტექნოლოგიების მუდმივ გაუმჯობესებას ასახელებენ. Amazon-მა 2022 წელს AI-რობოტები, Proteus-ები, წარადგინა, რომლებიც ამჟამად კომპანიის დაახლოებით 300 რობოტიზებული ობიექტიდან 25-ში გამოიყენება.
წლევანდელი რეიტინგი საინტერესოა იმ ფაქტითაც, რომ თავად გამოცემამ სიის შედგენისას ხელოვნური ინტელექტი პირველად გამოიყენა. კერძოდ, რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტი ე.წ. „სინთეტიკური აუდიტორიების“ რეაქციებს ეფუძნება.
ეს უკანასკნელი AI-ის მიერ შექმნილი მოდელებია, რომლებიც ინვესტორების, ანალიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მომხმარებლების ტიპურ ქცევასა და შეხედულებებს ასახავენ. ამ სისტემის დახმარებით, გამოცემამ ათასობით რეალური განცხადება და სხვა ტიპის მასალები, მათ შორის კომპანიების პრესრელიზები, სოციალური ქსელებისა და ბლოგების პოსტები, ხელმძღვანელების განცხადებები გააანალიზა.