უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილებების შედეგად, შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი (NATO) და ევროკავშირი დაიშალოს.
ამის შესახებ მან ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩევლის, ვლადისლავ სურკოვის განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, ნატო-სა და ევროკავშირის დაშლა ისევეა შესაძლებელი, როგორც ეს საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის შემთხვევაში მოხდა, ბუდანოვმა ასეთი სცენარის შესაძლებლობა აღიარა.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ღიად მძულს ის (სურკოვი - რედ.) ყველაფრისთვის, რაც მან აქ (უკრაინაში - რედ.) მოიტანა, თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლაა, ვშიშობ, ეს ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი იქნება“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა.
ამავდროულად, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება გარდაუვალი არ არის.
„არ ვამბობ, რომ ეს 100%-იანი ვარიანტია, მაგრამ თუ არ შევცვლით ჩვენს დამოკიდებულებას იმის მიმართ, რაც ახლა ხდება, ეს ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი გახდება. ადვილია მუდმივად თვალის დახუჭვა და თქმა, რომ „ჩვენ ყველა ვუთანაგრძნობთ კიევს, რუსეთს ცუდად აქვს საქმე, უკრაინას კარგად“ და ა.შ. რეალობა კი ის არის, რომ ვერავინ ახერხებს რადიკალური ნაბიჯების გადადგმას არა მხოლოდ ამის თავიდან ასაცილებლად, არამედ სიტუაციის შესაცვლელად. ეს ყველას გვიბიძგებს იმისკენ, რომ არსებული გეოპოლიტიკური ერთეულების გაურკვეველ მომავალზე ვისაუბროთ“, - განაცხადა მან.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას ფართო ალიანსების არ სჯერა.
„მე საერთოდ არ მჯერა ფართო ალიანსების. მე მჯერა, რომ მათ შეუძლიათ არსებობა, მაგრამ შეზღუდული პერიოდის განმავლობაში. ისინი რეალურად უნდა არსებობდნენ და არა ნომინალურად. მე მჯერა ორმხრივი ურთიერთობების. მე მჯერა იმ ალიანსების, რომლებიც აგებულია საერთო ეკონომიკასა და ინტერესების ერთობლივ დაცვაზე“, - დასძინა ბუდანოვმა.
წყარო: 1 არხი