აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა გულისხმობს, რომ უკრაინა „შესაძლოა იძულებული გახდეს თავისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთს იჯარით გადასცეს“, - იუწყება The Telegraph-ი.
გამოცემის წყაროების ცნობით, კიევი დონბასზე „კონტროლს დათმობს“, თუმცა მოსკოვი „რეგიონზე ფაქტობრივი კონტროლისთვის ქირას გადაიხდის“.
გაზეთის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ უკრაინა „შეინარჩუნებს საკუთრების იურიდიულ უფლებას“ დონბასზე. ტერიტორიის სანაცვლოდ, მოსკოვს „სავარაუდოდ, მიწის გადასახადის გადახდა მოუწევს იმ ფინანსური ზარალის კომპენსაციისთვის, რომელიც უკრაინამ თავის მიწებზე წვდომის დაკარგვის გამო განიცადა“ - ამტკიცებს The Telegraph-ი. „ქირის“ ოდენობა არ დასახელებულა.
გამოცემა განმარტავს, რომ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ტერიტორიული გადაცემის საკითხი საყოველთაო კენჭისყრას უნდა დაექვემდებაროს. თუმცა, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია „იჯარის ხელშეკრულების“ დადებით. Telegraph-ის წყაროების ცნობით, თეთრმა სახლმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან აშშ-ის გეგმაზე დათანხმება მოითხოვა.